IGTV – Youtube-ის პოტენციური კონკურენტი Instagram-ისგან

დაბრუნება Posts

IGTV – Youtube-ის პოტენციური კონკურენტი Instagram-ისგან


Youtube-ი, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია ნახო უამრავი სახის გასართობ-შემეცნებითი ვიდეო და ამასთანავე შექმნა შენი კონტენტიც,განავითარო საკუთარი არხი და მონეტიზაციის საშუალებით სოლიდური თანხაც გამოიმუშავო. სწორედ ამის საშუალებით Youtube გახდა გლობალურად ყველაზე ფართო ვიდეო სერვისი.

რა არის საჭირო ისეთი სერვისის შესაქმნელად, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნებს? რა თქმა უნდა პირადი ინფორმაციის მაქსიმალურად დაცვა (Copyright), მოხერხებული, მარტივი საძიებო სისტემა და ერგონომიულად დალაგებული კონტენტი, სადაც ყოველგვარი დიდხნიანი ძებნის გარეშე მომხმარებელი იპოვის იმას, რაც სურს. Youtube ამ საკითხში მოწინავე ადგილზეა და ზემოთ აღნიშნული ფაქტორები მაქსიმალურ დონეზე აქვს აყვანილი, ამას ემატება მონეტიზაციის სისტემაც, რაც ნებისმიერ მომხმარებელს მატებს მოტივაციას აკეთოს მაღალი ხარისხის ვიდეო-კონტენტი.

ახლა კი მინდა ვისაუბრო Instagram-ის მიერ შემოთავაზებულ ვიდეო-სერვის IGTV-ზე (InstaGram TV). ალბათ უამრავი თქვენგანი ყოველდღიურად იყენებს Instagram-ს და თქვენთვის ახალი არ იქნება ვიდეოების ატვირთვისა და ნახვის შესაძლებლობა. მაგრამ რამდენიმე დღის წინ კომპანიამ ცალკე გამოყო აპლიკაცია სადაც Instagram-ზე ამიერიდან ატვირთულ ყველა ვიდეოს ერთად ერთ დალაგებულ სივრცეში მოეყრება თავი. ახლა უკვე შესაძლებელია სასურველი ვიდეოს მარტივად მოძებნა, ამასთან გაიზარდა ატვირთული ვიდეოს ხანგრძლივობის ლიმიტი 1 საათამდე. როგორც დევერლოპერებმა განაცხადეს IGTV-ს მალე მონეტიზაციაც დაემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ IGTV-ზე ვიდეოების ნახვა მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაშია შესაძლებელი.

ნებისმიერი Youtuber-ი კონტენტის საჯაროდ განთავსების დროს ცდილობს მაქსიმალურად ბევრი ნახვა მოაგროვოს და ამასთანავე გაიჩინოს საკუთარი პუბლიკა. ბაზარზე Youtube-ის მსგავსი უამრავი სერვისი გაჩნდა, მაგრამ პუბლიკის არ არსებობის გამო მალევე დაკარგა პოპულარობა. IGTV-ის კი ამ მხრივ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რადგან აღნიშნულ სერვის ნამდვილად ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts