რას უნდა ველოდოთ Google I/O 2018-ზე ხვალ?

დაბრუნება Posts

რას უნდა ველოდოთ Google I/O 2018-ზე ხვალ?


ხვალ, 8 მაისს, სამშაბათ დღეს, Google-ი თავის I/O პრეს-კონფერენციას მართავს. კომპანიისთვის ეს უკვე რიგით მეათე და საიუბილეო Google I/O კონფერენციაა (შეგახსენებთ, რომ პირველი ჩატარდა 2008 წელს).

ვინც კი არ იცით, Google I/O ყოველ წელს ტარდება და ეს არის დეველოპერების რამოდენიმე დღიანი კონფერენცია, რომელზეც ძებნის უდიდესი გიგანტი თავის ახალ სერვისებს და განახლებებს წარმოგვიდგენს. ძირითადად ესაა სიახლეები Android-სა და WearOS საოპერაცი სისტემებში, აგრეთვე Google-ის სხვადასხვა სერვისები და ა.შ

წელსაც არაა გამონაკლისი და პრეს-კონფერენციის დიდი ნაწილიც სწორედ Android-ს დაეთმობა, თუმცა წარდგენილი იქნება სხვა სიახლეებიც.

აღსანიშნავია, რომ Google I/O-ს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოშიც, თბილისში ჩატარდება და მას Google Developers Georgia (GDG) მართავს Ginfo.ge-სთან ერთად, ამიტომაც აბსოლუტურად ყველა მკითხველს გეპატიჟებით სამშაბათს, საღამოს 20:30-ზე Impact Hub-ში (ფაბრიკა).

დამატებით პირდაპირი ტრანსლაციის მსვლელობისას გათამაშდება Google Daydream View-იც!

ღონისძიების დეტალები ნახეთ აქ.

მაშასადამე, რას უნდა ველოდოთ 2018 წლის Google I/O-სგან?

Android P (9.0)

რამოდენიმე თვის წინ ჩვენ უკვე ვიხილეთ ახალი Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი, რომელმაც ძალიან ბევრი სასიამოვნო სიახლე მოგვიტანა, როგორიცაა განახლებული ინტერფეისის დიზაინი და ბევრი გამოსადეგარი ფუნქცია, ჩვენ მისი ვიდეო მიმოხილვაც კი გავაკეთეთ, რომლის ნახვა შეგიძლიათ აქ:

ხვალ Google-ი დიდ ეკრანზე წარმოგვიდგენს Android P-ის პრეზენტაციას, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს Google-ის ხედვას და თავისი მობილური საოპერაციო სისტემის შემდეგ ნაბიჯებს, ასევე დიდი ალბათობით ჩაეშვება მეორე დეველოპერული ანაწყობიც, რომელშიც საკმაოდ ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ, თუნდაც რამოდენიმე კვირის წინ გაჟონილ სქრინშოთს, სადაც სტანდარტული სამი სანავიგაციო ღილაკის ნაცვლად ერთი მოკლე ღილაკი იყო, რაც დიდი ალბათობით მიგვანიშნებს Android-ის ნავიგაცია გადავა ჟესტურ მართვაზე, როგორც ეს Apple-ის iPhone X-ის შემთხვევაში მოხდა.

Google Lens 2.0

Lens არის Google-ის მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ხედვა, რომელიც კამერის საშუალებით გვეხმარება სხვადასხვა ობიექტების, ადგილმდებარეობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ნივთების ამოცნობაში, მაგალითისთვის შეგვიძლია ყვავილის, ძაღლის, კატის ჯიში გავიგოთ, ნებისმიერი ადგილი ამოვიცნოთ, ბიზნეს ბარათი ავტომატურად ჩავიწეროთ კონტაქტებში, Wi-Fi-ს დავუკავშირდეთ სურათის გადაღებით და ა.შ

თავდაპირველად Lens ექსკლუზიურად მხოლოდ Google Pixel სერიის სმარტფონებისთვის იყო ხელმიაწვდომი, თუმცა სულ რამოდენიმე დღის წინ OnePlus-ის და Nokia-ს მომხმარებლებმა შეამჩნიეს ის ასისტენტში, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია მას ყველა Android სმარტფონისთვის გამოუშვებს.

კომპანია ასევე Lens 2.0-ს წარადგენს განახლებული ფუნქციონალითა და შესაძლებლობებით, ის ასევე მეტ მოწყობილობაში იქნება ინტეგრირებული. მაგალითისთვის, LG G7 ThinQ პირველი სმარტფონია, რომელსაც Google Assistant-ისთვის ცალკეული ღილაკი აქვს, მასზე ორჯერ დაჭერით კი Lens აქტიურდება.

ვირტუალური რეალობა (VR) და დამხმარე რეალობა (AR)

გასულ წელს Google-მა გამოყოფილი ვირტუალური რეალობის პროექტი დააანონსა, რომელიც არ საჭიროებდა ტელეფონის მოთავსებას VR-ში და როგორც იქნა Lenovo Mirage Solo მოგვევლინა Daydream-ზე, რომელიც ბევრად უფრო ტექნოლოგიურად წინაა, ვიდრე Facebook-ის მსგავსი მოწყობილობა – Oculus Go. კითხვა იმაში მდგომარეობს, გააგრძელებს თუ არა კომპანია ვირტუალური რეალობის წინ წაწევას, რადგან სამომხმარებლო დონეზე ის მაინც არაა მაინც და მაინც პოპულარული.

წინ წაწეული აუცილებლად იქნება დამხმარე რეალობა და Google ARCore ძრავი ტელეფონებისთვის, რომელიც გასულ წელს დებიუტირდა Google Pixel სმარტფონებზე და ახლა უკვე თითქმის ყველა ფლაგმანზეა ხელმისაწვდომი, თუმცა კონტენტის საკმაოდ დიდი ნაკლებობა იგრძნობა, Google-მა ასევე ამ დარგში მარკეტინგიც უნდა წაწიოს წინ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ყველაფრის შესახებ და AR მეტისთვის იყოს ცნობილი.

WearOS

სულ რამოდენიმე თვის წინ Google-მა თავისი საათებისთვის განკუთვნილი Android Wear საოპერაციო სისტემის სახელი შეცვალა WearOS-ზე. დიდი ალბათობით ბევრი რამ იქნება წარდგენილი აქაც და Google-მა უნდა ეცადოს გამოაცოცხლოს ჭკვიანი საათების ბაზარი, რომელიც ბოლო წლებში არც ისე ბრწყინავს, Apple Watch-ი კი ერთადერთი ჭკვიანი საათია, რომელიც ბაზარს დომინირებს.

დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება Qualcomm-თან ახალი პარტნიორობა, ვინაიდან მათ უკვე 2 წელზე მეტია არ წარმოუდგენიათ ახალი პროცესორები საათებისთვის და ბევრი ჭკვიანი საათი ჯერ კიდევ დღესაც გამოდის ძველ Snapdragon Wear 2100-ზე, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა.

რა, სად, როდის?

Google I/O 2018-ის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შეგეძლებათ Google Developers-ის YouTube არხზე (ამ დროისთვის სთრიმის ბმული არ დევს, ამიტომაც ვერ დავურთავ), ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სახლში ყოფნა არ გსურთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Impact Hub-ში, სადაც ერთად ვუყურებთ პრეზენტაციას, ღონისძიების ფარგლებში ასევე იქნება გათამაშებული Google DayDream View!


გააზიარე

დაბრუნება Posts