Google Assistant თქვენს მაგივრად დარეკავს ადამიანის ხმით, უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?!

დაბრუნება Posts

Google Assistant თქვენს მაგივრად დარეკავს ადამიანის ხმით, უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?!


როგორც იცით, ორი დღის წინ კალიფორნიის შტატში გაიმართა Google I/O, კომპანიის ყოველწლიური დეველოპელური ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო უახლესი ტექნოლოგიები და მიღწევები, მათ შორის Android P-ც. საკმაოდ დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა Google Assistant-ის ახალი შესაძლებლობის დემონსტრაცია. ამ ფუნქციას Google Duplex ჰქვია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი საშუალებით Assistant-ს სატელეფონო ზარის განხორციელება თქვენგან დამოუკიდებლად შეუძლია. აუდიტორია აღაფრთოვანა იმ ფაქტმა, რომ ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი უშეცდომოდ აკეთებდა, მოსაუბრეს სწორ პასუხებს სცემდა და მისგან ინფორმაციასაც კი იღებდა.

აღსანიშნავია ის, რომ მოსაუბრე ვერც კი ხვდებოდა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ესაუბრებოდა, ეს კი ამ სფეროში ძალიან დიდი მიღწევაა. მაგრამ უნდა გვეშინოდეს ამ ყველაფრის? შესაძლებელია, რომ Assistant-მა რაიმე ტექნიკური ხარვეზით უნებართვოთ განახორციელოს სატელეფონო ზარი, დაჯავშნოს ადგილი რომელიმე რესტორანში ან სხვა ადგილას? არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიით საკმაოდ ძნელია ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ხმის გარჩევა, რადგან Google Assistant-ის ხმა მაქსიმალურად ადამიანურია, ამას კი ქვემოთ არსებულ ვიდეოშიც იხილავთ.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დალაგებულად პასუხობს ხელოვნური ინტელექტი მოსაუბრის კითხვებს და სილამაზის სალონში ადგილსაც ჯავშნის, მაგრამ რა მოხდება თუ საქმე ექნება არაფორმალურ დიალოგთან? რა თქმა უნდა დიალოგის მიმდინარეობა დაირღვევა და შესაძლოა ხელოვნური ინტელექტი დაიბნეს კიდეც, მაგრამ ასევე შესაძლებელია დიალოგის ჩვეულ ტემპში დაბრუნებაც. შესაბამისად Google Duplex ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ სტადიაშია, ის ტესტირებისთვის უკვე შემდეგი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი, სიგიჟეა, არა?!

როგორც ხედავთ, საკითხი დგება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება ვანდოთ სატელეფონო ზარის განხორციელება ხელოვნურ ინტელექტს. იმის არ ცოდნამ თუ ვის ველაპარაკებით, ხელოვნურ ინტელექტს თუ ადამიანს, შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს. მართალია ეს უკვე სამომავლო თემაა, მაგრამ ხელოვნური ინტელქტით ადამიანის ჩანაცვლებამ შესაძლებელია ჩვენი სოციალური ურთიერთობები დააკნინოს, მიუხედავად იმისა, რომ ასე უფრო გაგვიადვილდება, მაგალითად, ადგილის დაჯავშნა რესტორანში. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული ფუნქცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სპამისთვის (Google-ის განცხადებით Assistant-ს ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვებიც ექნება, რაც გულისხმობს ყოველდღიურად განსაზღვრული რაოდენობის ზარების განხორციელებას).

მიუხედავად ყველაფრისა ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ დასახვეწია. კაცობრიობა უნდა გაერკვეს ამ ყველაფერში, სანამ რობოტები ჩვენს მაგივრად დაიწყებენ საუბარს და გადაწვეტილების მიღებას.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts