Sony-მ Xperia XZ2 Premium წარადგინა 4K ეკრანით და ორმაგი კამერით

დაბრუნება Posts

Sony-მ Xperia XZ2 Premium წარადგინა 4K ეკრანით და ორმაგი კამერით


არც თუ ისე დიდი ხნის წინ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონები – Xperia XZ2 და კომპაქტური XZ2 Compact ვიხილეთ კომპანიის ახალი დიზაინით და განახლებული ტექნიკური მონაცემებით, დღეს კი კომპანიამ ჩუმად დააანონსა XZ2 სერიის მესამე წარმომადგენელიც – Xperia XZ2 Premium.

დიზაინის მხრივ ახალი სმარტფონი ზუსტად იმავე კორპუსშია, რაც XZ2-ის დანარჩენი წარმომადგენლები, თუმცა ვიზუალური ცვლილებიდან მხოლოდ ახალი ორი კამერაა შესამჩნევი. უარყოფითიდან აღსანიშნავია სმარტფონის დიდი სისქე, რაც 11.9 მილიმეტრს შეადგენს, სიმძიმე კი 236 გრამს.

წინა მხარეს, ისევე როგორც ეს Premium სერიის სმარტფონებს შეეფერება, 4K რეზოლუციის ეკრანია და მისი ზომა 5.8 ინჩს შეადგენს, რაც გაუმჯობესებაა XZ2-ის 5.7 ინჩიან Full HD (1920 x 1080) ეკრანთან შედარებით. აქვე 4K HDR-ის მხარდაჭერაც არის. აღსანიშნავია ვიბრაციის ახალი სისტემაც, რომელიც XZ2-ში დებიუტირდა და გვაძლევს საშუალებას ფილმების ყურებისას, თამაშების თამაშისას თუ მუსიკის მოსმენისას სხვადასხვა სიმძლავრის ვიბრაციები შევიგრძნოთ, რაც Sony-ს თქმით უფრო ახლოს უნდა დაგვაკავშიროს კონტენტთან. ის Apple-ის Taptic Engine-ის მსგავსია, თუმცა მხოლოდ ინტერფეისში არ მუშაობს. სურვილისამებრ რა თქმა უნდა მისი გათიშვა შესაძლებელია.

XZ2 Premium-ის ყველაზე დიდი გაუმჯობესება კამერაა და Sony-ს სმარტფონებში აქ პირველადაა წარმოდგენილი ორმაგი კამერის სენსორი.  სტანდარტული მთავარი და ტელეფოტო სენსორების კომბინაციის ნაცვლად, რაც Apple, Samsung, OnePlus სმარტფონებში გვხვდება, Sony იყენებს Huawei-ს მსგავს კონფიგურაციას, სადაც მთავარი 19 მეგაპიქსელიანი ფერადი და მეორე 12 მეგაპიქსელიანი მონოქრომული სენსორია.

თავის გამორჩევას Sony ძირითადად შუქის სიმძლავრეში ცდილობს, რადგან ფოტოების გადაღებისას ISO-ს წარმადობა მაქსიმუმ 51,200-მდე ადის, ვიდეოებში კი ეს ციფრი 12,800-ს აღწევს. ზოგადად ზედმეტად მაღალი ISO სმარტფონის კამერის სენსორს საშინლად წვავს სურათს, თუმცა Sony-ს თქმით XZ2 Premium-ის შემთხვევაში ეს ასე არ იქნება, ვინაიდან მას ჩაშენებული აქვს სპეციალური სასურათე AUBE Fusion ქვე-პროცესორი, რომელიც ორივე სენსორიდან იღებს ინფორმაციას, დაბალი განათებისას ფოტოებს ოპტიმიზაციას უკეთებს უკეთესი ხარისხისთვის. Sony იუწყება, რომ ახალ სმარტფონს “ულტრა-დაბალ განათებაშიც” შეუძლია ფოტოს გადაღება, რაც ადრე მხოლოდ ცვლადი ლინზების ხარჯზე ხდებოდა.

 

ორმაგ კამერას ასევე პორტრეტული რეჟიმის ფუნქციაც გააჩნია, როგორც Apple-ის თუ Samsung-ის სმარტფონებს, ასევე შესაძლებელია მხოლოდ მონოქრომული სენსორით გადაღება, თუმცა აღნიშნულ ორ ფუნქციას Sony მხოლოდ რაღაც პერიოდის შემდეგ გაუაქტიურებს მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით. მის კამერას ისევე როგორც XZ2 სერიას, შეუძლია 960fps ვიდეო გადაღება 1080P რეზოლუციაში, რაც აღემატება Galaxy S9-ის 720P შენელებული კადრის ლიმიტაციას.

გაუმჯობესებულია წინა კამერაც და რეზოლუციის მხრივ ის 13 მეგაპიქსელიანია, შედარებით XZ2 და XZ2 Compact-ის 5 მეგაპიქსელთან.

სხვა გაუმჯობესებისგან აღსანიშნავია 6GB ოპერატიული მეხსიერება და 3,540 მილიამპერიანი ელმენტი.

სხვა მხრივ, ისევე როგორც XZ2 სერია, Premium მოდელიც მუშაობს Qualcomm-ის უახლეს Snapdragon 845 პროცესორზე.

სმარტფონის გამოსვლა დაგეგმილია ამავე წლის ზაფხულზე, ზუსტი თარიღი უცნონია, თუმცა ცნობილია დაახლოებითი ფასი. Sony-ის თქმით ის $800-ს არ უნდა აღემატოს.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts