Huawei P20 lite – იდეალური ბიუჯეტური სმარტფონი?!

დაბრუნება Posts

Huawei P20 lite – იდეალური ბიუჯეტური სმარტფონი?!


თითქმის ერთი თვეა, რაც Huawei-ის უახლესი, ბიუჯეტური კლასის სმარტფონია ჩვენს ხელთ.  ყოველდღიური გამოყენებისა და უამრავი ტესტირების შემდეგ მინდა ვისაუბრო ამ სმარტფონის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.

დიზაინი და ანაწყობის ხარისხი

Huawei P20 lite-ის პირველივე დანახვისას მისი დიზაინი გარკვეულ გაუგებრობაში გაგხვევთ, ერთი შეხედვით იგი Apple-ის უახლეს სმარტფონს მოგაგონებთ, ხოლო მეორე მხრივ მსგავსი დიზაინი ბიუჯეტური კლასის არცერთ სმარტფონში გექნებათ ნანახი. შუშის უკანა პანელი, ალუმინის ჩარჩო და “უსაზღვრო ეკრანი” ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ხელში პრემიუმ კლასის სმარტფონი გიჭირავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მასში ვხვდებით ერთ-ერთ უახლეს ტრენდს, ეკრანში შეჭრილ “კუნძულს”, სადაც განთავსებულუა წინა კამერა, სალაპარაკო დინამიკი და სენსორები. საბოლოო ჯამში ეს ასპექტი ინდივიდუალურია და მყიდველის გემოვნებაზეა დამოკიდებული. თითის ბიომეტრიული სკანერი საკმაოდ კომფორტულ ადგილასაა და ჩვეულებრივ, როგორც Huawei-ის შეეფერება, ძალიან სწრაფია.

ანაწყობის ხარისხი იმაზე მაღალია, ვიდრე ბიუჯეტური კლასის სმარტფონი უნდა იყოს. სამწუხაროდ Huawei P20 lite არ არის დაცული წყლისგან, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე დიზაინი საკმაოდ სოლიდურია. ეკრანი IPS LCD-ია FullHD+ გაფართოებითა და მაღალი სიმჭიდროვით. პირადად მე მსგავსი ეკრანი ბიუჯეტურ კლასში ჯერ არ მინახავს.

კამერა

უამრავი ჩვენგანისთვის კარგი კამერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა სმარტფონის შეძენისას. მიუხედავად თავისი ფასისა Huawei P20 lite-ის ფოტოგრაფიული შესაძლებლობები იმედებს არ გაგიცრუებთ, განსაკუთრებით ღამით გადაღებისას. ბიუჯეტური კლასისთვის მას საკმაოდ კარგი 16Mp-იანი სელფის და მთავარი კამერა აქვს, რომელიც ასევე პორტრეტული ფოტოებითაც გაგანებივრებთ.

სამწუხაროდ ვიდეოს გადაღება FullHD ხარისხში შეუძლია, ისიც მხოლოდ 30FPS-ით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიდეოს ხარისხი საკმაოდ მისაღებია. აღსანიშნავია ისიც, რომ კამერის აპლიკაციაში ჩაშენებული უამრავი ფუნქცია დაგეხმარებათ სმარტფონისგან მაქსიმალური შედეგის მიღებაში.

პერფორმანსი

როდესაც ბიუჯეტური კლასის სმარტფონს ყიდულობთ, ალბათ ხვდებით იმას, რომ გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ, რადგან ვერანაირად ვერ მოითხოვთ ამ კლასისგან პრემიალურ შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა Huawei P20 lite საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. პირადად ჩატარებული ტესტირების შემდეგ, მინდა თამამად ვთქვა, რომ ამ სმარტფონის გამოყენებისას ვერ შეხვდებით სისტემურ შეფერხებებს, რაც მოგცემთ საშუალებას აპლიკაციებში მომენტალურად იძრომიალოთ. 4Gb ოპერატიული მეხსიერების დახმარებით შესაძლებელია რამდენიმე აპლიკაციის გახსნა, შენახვა და მათში თავისუფლად ოპერირება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ P20 lite-ს აქვს Project treble-ს მხარდაჭერაც, რაც ხელს შეუწყობს სმარტფონის სწრაფ სისტემურ განახლებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ სმარტფონში ვხვდებით წინა წლის პროცესორსა და გრაფიკულ ამაჩქარებელს, მაგრამ Android 8.0 Oreo-ს იდეალური ოპტიმიზაციით, სხვაობა შესამჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გრაფიკულ დამაჩქარებელს Huawei-ის სხვა სმარტფონებში უჭირდა სხვადასხვა თამაშის გრაფიკულ მხარესთან განმკლავება, P20 lite-ში ეს პრობლემა თითქმის გამოსწორებულია კარგი ოპტიმიზაციით, მაგრამ მაინც შეხვდებით მცირე ლაგებსა და FPS დროპებს.

ბატარია და შიდა მეხსიერება

აღნიშნულ სმარტფონს 3000mAh-იანი ბატარია აქვს. პირადი გამოცდილებით Huawei P20 lite-მა მაქსიმალური დატვირთვისას 5-6 საათი უპრობლემოდ იმუშავა. ეს კი საკმაოდ კარგი შედეგია, ხოლო ჩვეულებრივი გამოყენებისას მისი ბატარია დილიდან საღამომდე თავისუფლად გაძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მას კომპლექტაციაში მოყვება სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით აღჭურვილი ადაპტერი, ხოლო თავად სმარტფონში ვხვდებით USB Type C პორტს. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას იგი 64Gb-იანია, ეს კი არც თუ ისე ხშირია ბიუჯეტურ კლასში. შესაბამისად შეგიძლიათ დაივიწყოთ შემაწუხებელი შეტყობინებები მეხსიერების ამოწურვის შესახებ.

იმედი მაქვს ეს სტატია, მაქსიმალურად დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts