Huawei P20 და P20 Pro – საუკეთესო სმარტფონები ბაზარზე!?

დაბრუნება Posts

Huawei P20 და P20 Pro – საუკეთესო სმარტფონები ბაზარზე!?


როგორც იცით რამდენიმე დღის წინ კომპანია Huawei-მ სამი ახალი სმარტფონი წარადგინა, მათ შორის ბიუჯეტური მოდელი P20 lite, რომლის ვიდეოგანხილვა უკვე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Youtube არხზე.

დღეს კი მინდა ვისაუბრო Huawei-ს ორ ახალ ფლაგმანურ სმარტფონზე P20-სა და P20 Pro-ზე, მათ ტექნიკურ მახასიათებლებსა და უპირატესობებზე. კომპანიამ P სერიის დიზაინერული ხედვა მთლიანად შეცვალა და წელს სრულიად განსხვავებული სმარტფონები წარმოგვიდგინა, ძალიან ორიგინალურ და გამორჩეულ ფერებში.

Huawei P20 წარმოდგენილია 5.8 ინჩიანი 18.7:9 ფორმატის FullHD+ რეზოლუციის IPS LCD ეკრანითა და 8 ბირთვიანი Kirin 970 ნეირონული პროცესორით. ვიდეოამაჩქარებლად გამოყენებულია Mali-G72, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაღალი გრაფიკული ოპერაციების უხარვეზოდ შესრულებას.

აღნიშნული სმარტფონი მუშაობს Android 8.1 საოპერაციო სისტემაზე, რომელიც გადაფარულია EMUI 8.1 სამომხმარებლო ინტერფეისით, მიუხედავად ამისა იგი მაქსიმალურად თავისუფალია უაზრო გაჭედვებისა და ლაგებისგან. P20 წარმოდგენილია 256GB შიდა და 4GB ოპერატიული მეხსიერებით. ბატარია კი 3400mAh-იანი, რაც დატვირთულ რეჟიმში 6-7 საათიან შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ Huawei წლების განმავლობაში გამოირჩეოდა ფოტოგრაფიული მიმართულებით და P სერიაში ყოველთვის ცდილობთა ამ მხრივ თავისი მაქსიმუმი ჩაედო. წელს კი ნამდვილად საამაყო შედეგი დადო. P20 წარმოდგენილია ვერტიკალურად განლაგებული ორმაგი 1.8/1.6 დიაფრაგმიანი 12/20MP-იანი კამერის სენსორებით, რომელშიც გამოყენებულია Leica-ს ოპტიკა. სმარტფონი ასევე უზრუნველყოფილია ლაზერული ავტოფოკუსითა და ორმაგი მიახლოების საშუალებით, რომელიც თითქმის არ კარგავს ხარისხს. P20-ს შეუძლია 4K რეზოლუციის ვიდეო-გადაღება 30FPS-ით წამში, ასევე აქვს Super Slow Motion ტექნოლოგიაც HD რეზოლუციაზე. რაც შეეხება წინა კამერას, ის 24MP-იანია, რა თქმა უნდა პორტრეტული რეჟიმით.

Huawei P20 Pro, განსხვავებით ზემოთ აღნიშნული სმარტფონისგან, წარმოდგენილია 6.1 ინჩიანი AMOLED ეკრანით. პროცესორი და ვიდეო ამაჩქარებელი იგივეა, მაგრამ ოპერატიული მეხსიერება გაზრდილია 6GB-მდე. ბატარია კი 4000mAh-იანია, რაც 8 საათიან დატვირთულ მუშაობას უზრუნველყოფს.

კამერას რაც შეეხება, აღნიშნულ სმარტფონში პირველად ვხვდებით 3 კამერიან მოდულს, აქედან ერთი 40 მეგაპიქსელიანია f/1.8 დიაფრაგმითა და ვიდეო სტაბილიზაციით, მეორე – 20MP f/1.6, ხოლო მესამე 8MP-იანია f/2.4 დიაფრაგმით, რაც საბოლოო ჯამში სმარტფონს ერთ-ერთ საუკეთესო კამერაფონად აქცევს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ღამით გადაღება, სადაც მაქსიმალურად ნაკლები ხმაურია. კამერას აქვს ასევე სამმაგი ოპტიკური ზუმი და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა, რათა სმარტფონმა შეძლოს სხვადასხვა სიტუაციების ამოცნობა და პარამეტრების ავტომატური მორგება.

აღსანიშნავია ისიც, რომ DxOMark-მა Huawei P20-ისა და P20 Pro-ს კამერები მაქსიმალური 102 და 109 ქულით შეაფასა, მაგრამ გადაღების დროს სიტუაციასაც გააჩნია, აღნიშნული საიტი დეტალურად და მეცნიერულად ტესტავს სმარტფონის კამერებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სმარტფონი რეალურ სიტუაციაშიც ყოველთვის იმავე შედეგს დადებს.

Huawei P20-ისა და P20 Pro-ს დეტალურ ვიდეოგანხილვას მალე იხილავთ ჩვენს Youtube არხზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts