Galaxy Note9-ს არ ექნება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორი

დაბრუნება Posts

Galaxy Note9-ს არ ექნება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორი


უჩარჩოო დიზაინის მქონე სმარტფონებისთვის ღილაკები და თითის ანაბეჭდის სენსორები დიდ პრობლემას წარმოადგენენ, რადგანაც ხელში სულ უფრო მეტად გვინდა ცარიელი ეკრანები გვეჭიროს, ღილაკების ყველანაირ უარზე ვართ, ხოლო ანაბეჭდის სენსორები ხან უკანა მხარეს მიხტუნაობენ, იშვიათადაც კი გვერდზე გადადიან.

პრობლემის ერთადერთი გადაჭრის გზა თითის ანაბეჭდის მოთავსებაა ეკრანში, რაც ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიური თემა ხდება სმარტფონთა სამყაროში. 2018 წლის CES-ზე პირველად ვიხილეთ სმარტფონი, რომლის ეკრანშივე სწორედ ამგვარი სახის ტექნოლოგიაა ჩაშენებული. Vivo X20 Plus UD-ის თითს ანაბეჭდის სენსორი შესაძლოა უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე კონკურენტების, თუმცა ის ეკრანშიბე ჩაშენებული და კორპუსზე არანაირ ადგილს არ იკავებს. მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე (MWC) კი ამავე კომპანიამ Vivo Apex წარმოგვიდგინა, სრულად უჩარჩოო სმარტფონი, რომლის ეკრანის ნახევარს შეუძლია თითის ანაბეჭდის ამოცნობა, თანაც არა ერთი თითის, არამედ რამოდენიმე.

ამ ორი სმარტფონის კვალობაზე ყველა ელოდება, რომ მსგავს ტექნოლოგიას პოპულარული მწარმოებლებიც აიტაცებენ, რომელთა შორის რა თქმა უნდა Samsung-იცაა.

თავდაპირველად დადიოდა ჭორები და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Samsung-ი ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერის ტექნოლოგიის იმპლემენტაციას Galaxy Note9-ში გეგმავდა, თუმცა KGI Securities-ის მკვლევარ-ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo-ს თქმით, ასე სამწუხაროდ არ იქნება, მისი თქმით:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორის არსებობა Galaxy Note9-ში, როგორც ახლანდელი ინფორმაციით შევიტყვეთ, Samsung-ი აღნიშნულ ფუნქციას Note9-ისთვის აუქმებს, ვინაიდან ორივე Qualcomm-ის მიერ წარმოებული ულტრა ბგერითი სენსორი და Synaptics-ის მოწოდებული ოპტიკური სენსორი კომპანიის ტექნიკურ საჭიროებებს არ აკმაყოფილებს”

მიუხედავად იმისა, რომ Note9-ს აღნიშნული ტექნოლოგია არ ექნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ Samsung-ი მას Galaxy S10 ან Note10-შიც არ ჩააშენებს. Kuo-ს თქმით, ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორები არის უჩარჩოო დიზაინების უმთავრესი გასაღები და არ მიაჩნია, რომ სახის ამომცნობმა სისტემამ შესაძლოა ის ჩაანაცვლოს.

ანალიტიკოსმა ასევე დაამატა:

“ამ ყველაფერთან ერთად, ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორის თვითღირებულება 4-5-ჯერ აღემატება სტანდარტულთან შედარებით, რაც მწარმოებლებისთვის კიდევ უფრო აძნელებს იმპლემენტაციის პროცესს.”

მართალია Galaxy Note9-ში ეკრანში ჩაშენებული სენსორი ძალიან კარგი და ინოვაციური იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს კიდევ ცოტა ხანი მის უკანა განლაგებას უნდა დავჯერდეთ. Samsung-ს მაინც მადლობა იმისთვის, რომ S8-სთან შედარებით S9-ში თითის ანაბეჭდის სენსორი ბუნებრივ ადგილას, შუაში განათავსა, რაც იმას ნიშნავს, რომ Note9-შიც იგივე იქნება.

 

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts