Huawei-მ მსოფლიოში ყველაზე უჩარჩოო ლეპტოპი წარადგინა!

დაბრუნება Posts

Huawei-მ მსოფლიოში ყველაზე უჩარჩოო ლეპტოპი წარადგინა!


2018 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე Huawei-მ თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონებით მართალია არ გაგვანებივრა, სამაგიეროდ წარმოგვიდგინა მსოფლიოში ყველაზე წვრილი ჩარჩოების მქონე სუპერ თხელი ლეპტოპი – MateBook X Pro, რომელიც სინამდვილეში გასული წლის MateBook X-ის გაუმჯობესებული, ამავდროულად კი სრულად თავიდან შემუშავებული ვერსიაა.

ლეპტოპის გახსნისას ვეგებებით 13 ინჩიან 2K რეზოლუციის მქონე IPS ეკრანს, რომელიც სენსორული არაა, თუმცა ლეპტოპებისთვის რეკორდული 88% ეკრანის შეფარდება აქვს კორპუსთან. სმარტფონებიდან შემოღებული უჩარჩოო დიზაინის ტრენდი უკვე რამდენიმე წელია ნელ-ნელა კომპიუტერულ ინდუსტრიაშიც შემოდის, თუმცა დიდი ზომის ეკრანის ჩარჩოების შემცირება გარკვეული კომპონენტების გამო უფრო შეზღუდულია, გარდა ამისა, არის ისეთი შემშლელი ფაქტორებიც, თუნდაც მაგალითისთვის – კამერა.

ალბათ სხვა ლეპტოპებში გინახავთ უკვე შემცირებულ ჩარჩოებიანი ეკრანები, თუმცა მათი პრობლემა ისაა, რომ ჩარჩოები მხოლოდ 3 მხარეს აქვთ შემცირებული, ქვედა ნიკაპი კი ხუთმაგად სქელია მხოლოდ იმის გამო, რომ კამერას ითავსებს. MateBook X Pro-ში კამერის ყველაზე ინოვაციური და კრეატიული განთავსებაა, რაც სხვაგან არსად გვინახავს. ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით სადაა ის ან საერთოდ აქვს თუ არა ამ ლეპტოპს კამერა.


კლავიატურას თუ დავაკვირდებით და F6-ისა და F7-ს შორის ღილაკს თუ დავაჭერთ, ის ზემოთ აიწევა და ჩნდება ფარული კამერა, რომელიც ეკრანის ჩარჩოებს არანაირად არ უშლის. ასეთი იმპლემენტაცია ასევე უსაფრთხოების კუთხითაა ძალიან კარგი იდეა, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი თავისი ლეპტოპის კამერას წებოვანი ლენტით ფარავს, ამ შემთხვევაში კი ეს სულაც არაა საჭირო, რადგან თუკი ჰაკერების შეტევის ქვეშ აღმოჩნდებით, ერთადერთი, რასაც ისინი დაინახავენ ალბათ ლეპტოპის შიდა ნაწილები ან სრული სიშავე იქნება.

სხვა მხრივ, MateBook X Pro საკმაოდ ძლიერი ლეპტოპია, რომელიც თავისუფლად გაუწევს კონკურენციას Apple-ის MacBook Pro-ს. ის მუშაობს Intel-ის უახლესი თაობის Core i5 და i7 პროცესორებზე, რომლებიც წინამორბედებთან შედარებით 40%-ით უფრო სწრაფია. ვიდეო დაფის სახით Nvidia-ს GeForce MX150 გვევლინება, რომელიც თამაშებისთვის ან გრაფიკულად ინტენსიური სამუშაოებისთვისაა შესაფერისი (PhotoShop, Premiere, Autodesk და ა.შ).

მთელი ამ სიძლიერის მიუხედავად, მისი კორპუსი სულ რაღაც 14.6 მილიმეტრია და 1.3 კილოგრამს იწონის, რაც მას ფაქტობრივად ყველაზე თხელ და მსუბუქ, ამავროულად კი ძლიერი ლეპტოპის ტიტულს ანიჭებს. ასეთი სილამაზის შესაქმნელად Huawei-მ არც პორტები დაიშურა და MateBook X Pro აღჭურვა ორი USB Type-C პორტით, რომელთა გამოყენება ასევე დამუხტვისთვისაც შეიძლება, აგრეთვე აქ სტანდარტული და ტრადიციული USB Type-A-ც არის, რასაც სხვა მწარმოებლები სამწუხაროდ დღეს-დღეობით ყურადღებას აღარც აქცევენ.

MateBook X Pro უკვე გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი. მისი ფასი საბაზისო (Core i5) კონფიგურაციისთვის $1,599-დან დაიწყება, რაც მას კონკურენტუნარიანს ქმნის MacBook Pro-ს შუა კლასის კონფიგურაციასთან.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts