Google-მა ახალი Android P გამოუშვა: რა არის ახალი?

დაბრუნება Posts

Google-მა ახალი Android P გამოუშვა: რა არის ახალი?


ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ Evan Blass-ისგან გავიგეთ, რომ Google-ი თავისი ახალი საოპერაციე სისტემის პირველი დეველოპერული ანაწყობის გამოშვებას მარტის შუაში აპირებდა. ბევრი გაიფიქრებდა, რომ Android P გამოვიდოდა 14 მარტს, რადგან სწორედ ამ თარიღად აღნიშნავენ Pi (π) დღეს, თუმცა როგორც ჩანს ლოდინი სულაც არაა საჭირო!

Google-მა გუშინ საღამოს 10 საათზე Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი გამოუშვა და ისევე როგორც გასულ წლებში, ახალი ვერსიით უკვე გაზაფხულზევე გვანებივრებს. მისი დაყენება Google Pixel, Pixel XL, Pixel 2 და Pixel 2 XL-ის მომხმარებლებს უკვე დღეიდანვე შეუძლიათ. სამწუხაროდ Android Beta ვერსია არ იქნება, რადგან Google-ის თქმით ეს მხოლოდ პირველი ანაწყობია და მისი დაყენება მთავარ ტელეფონზე რეკომენდირებული საერთოდ არ არის, თუმცა თუკი მაინც ვერ ითმენთ, შეგიძლიათ Android Developers-ის საიტიდან გადმოიწეროთ სისტემა და adb-ის მეშვეობით ხელით დააყენოთ.

გადავიდეთ მთავარზე, რა არის ახალი Android P-ის პირველ ანაწყობში?

ცვლილებები დიზაინში

Android P-ის ჩართვისას ახალი ინტერფეისის დიზაინი გვხვდება, რომელიც სტატუსის მაჩვენებლით იწყება, გრძელდება სწრაფი ჩამრთველებით და პარამეტრების განახლებული დიზაინით. ყველაფერს ამჯერად ფერი შეემატა, რაც ყველაზე ნათლად პარამეტრებში ჩანს. ადრე თუკი ყველაფერი თეთრი და მონოტონური იყო, ახლა ყველაფერს თავისი დისტინქტური ფერი აქვს. დიდი ალბათობით ეს Google-ის ახალი Material Design 2.0-ია, თუმცა აღნიშნული დეტალების შესახებ უფრო დაწვრილებით Google I/O-ზე გავუგებთ 8 მაისს.

შეცვლილი და გამარტივებული სწრაფი ჩამრთველები

Android Oreo-სთან შედარებით სწრაფი ჩამრთველების მენიუ ეკრანს ბოლომდე არ ავსებს და მომრგვალებული კუთხეები აქვს. ხატულები ახლა მრგვალ ჩარჩოებშია ჩასმული და როდესაც რაიმეა ჩართული, ლურჯდება. ქვედა მხარეს ვიზუალური ჩამოსაწევი დაემატა, რომელიც  მომხმარებელს უფრო ნათლად მიანიშნებს, რომ ამ გრაფიკულ ელემენტთან ინტერაქტივა, კერძოდ კი ჩამოწევა შეიძლება და თუკი მას ჩამოვწევთ, ის ასე გამოიყურება:

რა საკვირველია შენარჩუნებულია პარამეტრების დარეგულირება და ჩვენზე მორგება, ანუ ნებისმიერი ხატულის გადაადგილების შეცვლა თავისუფლად შეგვიძლია, თუმცა აღსანიშნავია, თუკი პანელში ძალიან ბევრი პარამეტრი გვაქვს და ადრე გვერდიდან-გვერდზე გადადიოდა, ახლა ზემოდან-ქვემოთ უნდა გადავიდეთ.

გალამაზებული dock-ი

თითქოს ასეთი dock-ი უკვე ნანახი გვაქვს და არ მოგეჩვენათ, მას შემდეგ, რაც Google-მა Android Nougat-დან Oreo-ში მოაშორა dock-ის ფონი, P-ში ის ისევ დაბრუნდა. ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაცაა, რადგან Oreo-ში ვიზუალურად ძნელი იყო აღგვექვა საიდან იწყება dock და საიდან სახლის ეკრანი. აღსანიშნავია, რომ ნუგასთან შედარებით P-ს dock-ს მომრგვალებული კუთხეები აქვს.

გაფერადებული პარამეტრების ეკრანი

როგორც ჩანს, Google-ს აკვიატებული აქვს ყოველ Android ვერსიაში პარამეტრების რადიკალური შეცვლა. Oreo-ში სრულიად ახალი დალაგება მივიღეთ კატეგორიებად, რაც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. P-ში კომპანიამ ფუნქციონალს არ შეეხო და მხოლოდ ესთეტიური მხარე შეცვალა. ყველა პარამეტრს ამჯერად თავისი ფერი აქვს, რაც დიდი ალბათობით მომხმარებლისთვის ბევრად ინტუიტიური იქნება. ძალიან Samsung-ური ნაბიჯია, ასე ვიტყოდი.

გამორთვის მენიუ ახლა screenshot-ს გადაგვაღებინებს

Android 8.1-ში Google-მა სრულიად შეცვალა გამორთვის მენიუ და შემოგვთავაზა ამგვარი ვიზუალური გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური ღილაკიდან ვირტუალური მენიუს გამოსვლას ინტერფეისში. P-ში ამ ყველაფერს Screenshot-ის ფუნქციაც დაემატა, ამრიგად თუკი ერთი ხელი დაკავებული გვაქვს, მეორეთი თავისუფლად გადავიღებთ screenshot-ს.

სრულად ახალი ხმის მარეგულირებელი

ხმის მარეგულირებელი სრულიად განახლდა და რადიკალურად განსხვავდება ძველისგან. ახლა ის ტელეფონის გვერდიდან გამოდის, ისევე როგორც ამას გამორთვის მენიუ შვება. აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მენიუ გამოდის იმ ადგილიდან, სადაც მისი მარეგულირებელი ფიზიკური ღილაკებია, თუმცა საინტერესოა, როგორი იქნება აღნიშნული მენიუ სხვა მოწყობილობებზე, ვინაიდან ყველა ტელეფონს ხომ მარჯვენა გვერდზე არ აქვს ხმის ამწევ/დამწევი? გარდა ამისა, ხმის დარეგულირება ახლა მარტივად, ერთი ხელით შეიძლება. ისრებიდან შეგვიძლია ავირჩიოთ აუდიო წყარო, თუ საიდან გვინდა ჩავრთოთ მუსიკა სურვილისამებრ: იქნება ეს გარე დინამიკი თუ უსადენო ყურსასმენები. ქვედა ღილაკიდან შეგვიძლია მარტივად დავარეგულიროთ ვიბრაციის ან ჩუმი რეჟიმი.

ეკრანის ჭრილების მხარდაჭერა

ტრენდებს ვერ გავექცევით, ფაქტია. iPhone X-ის გამოსვლის შემდეგ Android მწარმოებლებმაც დაიწყეს ე.წ “ნახევარკუნძულების” შემოღება თავიანთ მოწყობილობებში. Google-ის პასუხი ამ ყველაფერს კი ეკრანის ჭრილების უნივერსალური მხარდაჭერაა. თუკი სმარტფონს ჭრილი ექნება, სტატუსის ხაზი სიმაღლეში ორჯერ უფრო დიდი ხდება, ხატულები კი ჭრილთან ჩერდებიან. გარდა ამისა, სტატუსის ხაზში დრომ მარცხნივ გადაინაცვლა, მარჯვნივ კი ინდიკატორები დარჩნენ.

ახალი ანიმაციები

აღნიშნული ცვლილება საკმაოდ შესამჩნევია თვალისთვის, რადგან Android-ის საოპერაციე სისტემის ანიმაციები უკვე ძალიან დიდი დრო არ შეცვლილა, P-ში კი სრულიად ახალ ტრანზისტულ ეფექტებს ვეგებებით.

აგრეთვე აღსანიშნავია შეტყობინებების პანელიდან გახსნის ანიმაციები, რომლებიც ახლა სულ სხვანაირად გამოიყურება. თუკი მოგივიდან შეტყობინება და პანელიდან მას გახსნით, ის პატარა გრაფიკული ელემენტიდან სრულ აპლიკაციად იბერება, თავად შეაფასეთ:

გარდა ვიზუალური ცვლილებებისა, არის უამრავი ფუნქციონალური ცვლილება და სიახლეც.

ახალი ბატარეის დამზოგავი რეჟიმი

დასაწყისისთვის, მას ახლა Low Battery Mode ჰქვია და თუკი ადრე მისი ჩართვისას ირთვებოდა ანიმაციები და სანავიგაციო თუ სტატუსის ხაზი მახინჯურად წითლდებოდა, ახლა არც ეს ხდება და არც ანიმაციები ითიშება. რეჟიმი ფონურ რეჟიმში უფრთხილდება ბატარეის ხანგრძლივობას და აპლიკაციებზე ლიმიტებს აწესებს. მისი ჩართვა ასევე დაგეგმვითაა შესაძლებელი, მაგალითად შეგიძლიათ დააყენოთ, რომ ის ჩაირთოს 70%-იდანაც, თუნდაც.

Bluetooth-ს ახლა 5 მოწყობილობამდე შეუძლია ერთდროულად შეერთება

Bluetooth 5.0-ის ინოვაციურმა ფუნქციონალმა დაგვრთო ნება ჩვენი სმარტფონი შევუერთოთ რამოდენიმე წყაროს, თუმცა აქამდე Android-ში ამ რიცხვის მაქსიმალური ზღვარი 2 იყო, თუმცა Android P-ში ის 5-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს რომ ტელეფონს შეგვიძლია ერთდროულად 5 Bluetooth მოწყობილობა შევუერთოთ, იქნება ეს საათი, ყურსასმენები თუ სამაჯური.

Screenshot-ების რეგულირება

ფუნქცია, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით და საკმაოდ ნერვების მომშლელი იყო, რომ Android-ს არასოდეს ჰქონდა – ესაა Screenshot-ების რეგულირება, რაც ითვალისწინებს ეკრანის გადაღების შემდეგ სურათის მოჭრა ან ვირტუალური ფანქრის გამოყენება რაიმის მოსანიშნად.

Hotspot-ის ავტომატური გათიშვა

თუკი ტელეფონს აქტიურად იყენებთ პერსონალურ ინტერნეტის გამზიარებლად, მაშინ ეს სიტუაცია განსაკუთრებით გეცნობათ, როდესაც დაგავიწყდებათ hotspot ფუნქციის გამორთვა და ის უაზროდ დაგიხარჯავთ მთელ ბატარეას. Android P-ში ასე აღარ მოხდება, რადგან მობილური ინტერნეტის ამოწურვის შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც Hotspot-ს დიდი ხანი არავინ უერთდება, სისტემა მას გამორთავს.

ეკრანის მობრუნება ახლა დაბლოკილ რეჟიმშიც შეიძლება ავამუშავოთ

აღნიშნული ფუნქცია ძალიან საინტერესოა და მოსახერხებელია, რადგან აღნიშნულ სიტუაციას აბსოლუტურად ყველა წავწყდომივართ: გვაქვს დაბლოკილი Auto-Rotate, გვინდა მაგალითად ფოტო ვანახოთ გადმობრუნებულ რეჟიმში: ვაბრუნებთ ტელეფონს, ვხვდებით რომ Auto-Rotate გამორთული გვაქვს, კვლავ სწორად ვიჭერთ ტელეფონს, ზემოთ ვწვდებით სტატუსის ხაზს, ჩამოგვაქვს, ვაჭერთ Auto-rotate-ს და ამასობაში ხუთი საათი გადის. Android P-ში ტელეფონის შემობრუნებისას ამიერიდან სანავიგაციო ხაზში დაეხატება Auto-Rotate-ის ხატულა და პირდაპირ მასზე დაჭერისას გამოსახულება ამობრუნდება. ხომ მაგარია?

Android P-ის თაიმლაინი

Android P-ის ბეტა ვერსია დღეიდან გაგრძელდება 2018 წლის მესამე ნაწილამდე. მანამდე, 8 მაისს მოსალოდნელია, რომ Google I/O-ზე სისტემის მეორე დეველოპერული ანაწყობი წარსდგება ჩვენ წინაშე, რომელსაც სახალხო ბეტა ტესტირებაც (Android Beta) ექნება და მას ნებისმიერი მსურველი დააყენებს Pixel-ზე. გასულ წელს Android Oreo ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს ჩაეშვა, დიდი ალბათობით იგივე მოხდება წელსაც. Android P-ის ოფიციალურ სახელსაც სწორედ ზაფხულის ბოლოს გავიგებთ.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts