Android 9.0-ში Google-ი დრამატულ ცვლილებებს გეგმავს

დაბრუნება Posts

Android 9.0-ში Google-ი დრამატულ ცვლილებებს გეგმავს


Bloomberg-ისგან სულ ახლახანს გახდა ცნობილი Google-ის შემდეგი საოპერაციო სისტემის – Android P-ის (9.0) ცხელ-ცხელი დეტალები. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ცვლილებების შეტანა სურს კომპანიას მობილური მოწყობილობებისთვის.

მოგეხსენებათ, 2017 წლის ყველაზე კონტროვერსალური სმარტფონი Apple-ის iPhone X გახდა თავისი ეკრანის ჭრილის გამო, რაც ხალხში ცნობილია, როგორც “კუნძული” ან უხეშად – “უნიწარბი”.

საიდუმლო არც ისაა, რომ Apple-ის სმარტფონები ძირითადად კოპირების წყაროდ ხდებიან Android მწარმოებლებისთვის და უკვე დადასტურებულია ისიც, რომ 2018 წელს ძალიან ბევრი მწარმოებელი გამოუშვებს iPhone X-ის ეკრანის მსგავს “კუნძულიან” ტელეფონს, მათ უკვე დადასტურებულია რამოდენიმე სმარტფონიც მსგავსი დიზაინით, როგორიცაა: Huawei P20, P20 Plus, P20 Lite, Asus ZenFone 5, Moto X5, Essential Phone (1-ის ისედაც აქვს, 2-საც ექნება) და სხვები.

ამასთან ერთად, Samsung და LG უკვე წლებია ემზადებიან დრეკადი სმარტფონების გამოშვებას, ტრენდში საკეცი ეკრანები ბრუნდება (ZTE Axon M) და სწორედაც ყველა ამ უჩვეულო ეკრანების მქონე სმარტფონებისთვის Google-ი Android P-ს ამზადებს, რომელსაც, ინფორმაციაზე დაყრდნობით ექნება ატიპიური ეკრანების მხარდაჭერა, როგორიცაა ჭრილებიანი და დრეკადი ეკრანები. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სახის ცვლილება იქნება ეს, თუმცა უჩვეულო ეკრანების მხარდაჭერა Android-ს სისტემაშივე ექნება, რაც მწარმოებლებს აარიდებს ახალი ბორბლის გამოგონებისგან.

Android P-ს ასევე უფრო ღრმა ინტეგრაცია ექნება Google Assistant-თან. კომპანია ამჟამად მუშაობს სათანადო SDK-ზე, რაც საშუალებას მისცემს აპლიკაციების დეველოპერებს Assistant-ი თავიანთ აპლიკაციებში ჩააშენონ და თავისივე სერვისებითა თუ ცოდნით გაჟღენთონ ის. Assistant-ი ასევე მთავარ ეკრანთან იქნება მაქსიმალურად ინტეგრირებული, თუმცა როგორ, ეს ჯერ ცნობილი არაა.

მოსალოდნელია ასევე ის, რომ Google-ი მთელ სისტემას, კერძოდ კი Android 5.0 Lollipop-ში წარდგენილ “მატერიალური დიზაინს” განაახლებს და ახალ აესთეტიკურ იერს შესძენს. Bloomberg-ის მოწოდებულ ინფორმაციაში ამის შესახებ არაფერი წერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს XDA-Developers-მა Chromium Gerrit-ში ახალი კოდი იპოვა, რაც “Material Design 2.0”-ზე მიგვანიშნებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორი იქნება ახალი დიზაინი, თუმცა XDA-ს ცნობით ის უფრო მუქი ფერებითა და სრულად ახალი იკონოგრაფიით და ფონტითაა აღჭურვილი.

Android 9.0 P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი მოსალოდნელია მარტის დასაწყისში გამოვიდეს, რადგან Google-ი უკვე მეორე წელია მას I/O-მდე მარტში გვთავაზობს, შემდეგ კი მაისში ოფიციალურად წარადგენს. 2018 წლის Google I/O 8 მაისს არის დაგეგმილი.


გააზიარე

დაბრუნება Posts