5 რამ, რაც Samsung-მა უნდა გამოასწოროს მომავალი წლის ფლაგმანებში

დაბრუნება Posts

5 რამ, რაც Samsung-მა უნდა გამოასწოროს მომავალი წლის ფლაგმანებში


ცოტა დრო რჩება Samsung Galaxy S9-ის გამოსვლამდე. სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით Samsung-ის ახალი ფლაგმანი იმაზე ადრე იხილავს მზის შუქს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როგორც ცნობილია Galaxy S9-ს Samsung-ის უახლესი AMOLED ეკრანი და კიდევ უფრო გაუმჯობესებული კამერა ექნება.

Samsung-ის 2017 წლის ფლაგმანებს ბევრ პლიუსთან ერთად მინუსებიც ჰქონდა და ამიტომ ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ 5 რამ, რაც Samsung-მა უნდა გამოასწოროს მის ახალ ფლაგმანში.

1. ანაბეჭდის სკანერის მდებარეობა

როგორც მოგეხსენებათ, Samsung-მა თავის 2017 წლის ფლაგმანებში ფიზიკური ღილაკი ამოიღო, ხოლო თითის ანაბეჭდის სკანერი უკან, კამერის გვერდით გადაიტანა, რაც საკმაოდ არაკომფორტული აღმოჩნდა განსაკუთრებით Galaxy S8 Plus-სა და Note 8 -ში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათვის ვინც მარცხენა ხელით იყენებს სმარტფონს, ცალი ხელით თითქმის შეუძლებელია თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენება, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად კარგი იქნება თუ Samsung-ი თავის ახალ ფლაგმანში აღნიშნულ პრობლემას გამოასწორებს და თითის ანაბეჭდის სკანერს შედარებით ქვევით შუაში გადმოიტანს, რათა მომხმარებელმა ნებისმიერი ხელით უპრობლემოდ შეძლოს სმარტფონის განბლოკვა.

2. მძიმე ინტერფეისი

Samsung-ის სმარტფონები ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფუნქციურობით, მაგრამ ამას თან ახლდა სხვადასხვა ბაგები და მცირე გაჭედვები, ამიტომ მათი ინტერფეისი ვერ იყო ისეთი სწრაფი, როგორიც უნდა ყოფილიყო. სისტემა გარკვეული პერიოდის შემდეგ საგრძნობლად ნელდებოდა და ეს ყველაზე მეტად დაბალი მონაცემების მქონე სმარტფონებზე იგრძნობოდა. ეს ყველაფერი 2017 წელს ცოტათი გაუმჯობესდა და Samsung Experience-ში მოხდა დიდი წინსვლა ძველ TouchWiz-თან შედარებით, მაგრამ ის მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ კომპანია ოპტიმიზაციას გაუკეთებს თავის ინტერფეისს და შეამსუბუქებს მის სისტემურ მოთხოვნილებებს.

3. აუდიო ხარისხი

ერთ-ერთ დიდ პრობლემას Samsung-ის 2017 წლის ფლაგმანებში წარმოადგენს აუდიო ხარისხი, მიუხედავად პრემიალურობისა ხმის ჟღერადობა არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ Google Pixel-ს და 2017 წლის სხვა სმარტფონების უმეტესობას მინიმუმ სტერეო დინამიკები აქვს, Samsung-ის დინამიკი საშუალო კლასის აუდიო ხარისხს იძლევა, რაც დიდი მინუსია ისეთი სმარტფონისთვის, როგორიცაა Galaxy s8 ან თუნდაც Note 8.

4. დაგვიანებული განახლებები

Samsung-ის მომხმარებლების უმეტესობას ეს სიტყვები ალბათ გულზე მოხვდება. ყველასთვის ცნობილია და სამწუხაროა, რომ კომპანია თავისი სმარტფონების უახლეს Android-ის სისტემაზე განახლებას თვეები უნდება, ნამდვილად არაკომფორტულია, როცა სმარტფონს აგვისტოში დაანონსებულ სისტემაზე მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ანახლებ. ამიტომ კარგი იქნება თუ Galaxy S9-ს ექნება Project Treble-ს მხარდაჭერა, რაც გულისხმოს სმარტფონის სისტემურ განახლებას უმოკლეს პერიოდში.

5. Portrait ფოტოების გადაღების შესაძლებლობა

Portrait ფოტოების გადასაღებად 2017 წლამდე ორ კამერიანი მოდული იყო საჭირო, მაგრამ Google-მა დაამტკიცა, რომ ერთი კამერითა და კარგი ალგორითმებითაც შეიძლება აღნიშნული შედეგის მიღწევა, რაც გულისხმობს უკანა ფონის დაბლურვას (გაბუნდოვნებას). ამ საკითხში Galaxy S8 ნამდვილად დაიჩაგრა, რადგან 2017 წლის სმარტფონების უმეტესობა თავს იწონებს აღნიშნული ფუნქციით.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts