10 უფასო სასარგებლო აპლიკაცია

დაბრუნება ყველა პოსტი

10 უფასო სასარგებლო აპლიკაცია


მოგესალმებით. ჩემმა წინა სტატიამ იმის შესახებ, თუ რომელ აპლიკაციებს უნდა აარიდოთ თავი, საკმაოდ დიდი პოპულარობა ჰპოვა. ამიტომ, გადავწყვიტე ახლა დავწერო იმ აპლიკაციების შესახებ, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებენ და გამოგადგებათ როგორც თქვენ, ასევე თქვენს ტელეფონს.

1. Firefox

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა თავიანთ Android სმარტფონებზე Chrome ბრაუზერს იყენებთ, რომელიც ყველა ტელეფონს მოყვება. თუმცა, გიცდიათ ოდესმე მისი ალტერნატივა, Firefox-ი? აღნიშნული აპლიკაცია open-source-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კოდი საჯაროა და ყველას შეუძლია ნახვა, რაც მას საკმაოდ დაცულს ხდის. აგრეთვე, მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ამ ბრაუზერს გირჩევთ, არის plug-in-ებისა და extension-ების მხარდაჭერა. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ტელეფონის ბრაუზერზე შეგეძლებათ რეკლამების დამბლოკავი ან ვიდეოების გადმომწერი extension-ის დაყენება, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, თქვენი უმრავლოსება კომპიუტერზე აქტიურად იყენებს.

ლინკი

2. Opera VPN

Opera-ს ბრაუზერის შესახებ ალბათ ბევრს გსმენიათ, თუმცა მათი VPN სერვისი არც თუ ისე პოპულალურია. დარწმუნებული ვარ, ხშირად დაგჭირვებიათ, მარკეტიდან ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელი აპლიკაციის გადმოწერა, ან რომელიმე სერვისისთვის თქვენი ადგილმდებარეობის მოტყუება, ანდა თუმდაც Facebook-ზე იმის დაპოსტვა, რომ ამერიკაში ხართ. Opera VPN-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაფაროთ თქვენი ლოკაცია და ვირტუალურად “იმოგზაუროთ” ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, სინგაპური და შეერთებული შტატები. აგრეთვე აპლიკაციაში ჩაშენებულია WiFi ქსელის უსაფრთხოების სკანირება და პრობლემების აღმოფხვრა და რეკლამების ე.წ. tracker-ების დაბლოკვა, რომლების გამოც თქვენ ხშირად პერსონალიზებული რეკლამები გხვდებათ.

 

ლინკი

3. AZ Screen Recorder

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგჭირვებიათ, რომ საგანმანათლებლო ან გასართობი მიზნებისთვის თქვენი ტელეფონის ეკრანისთვის ვიდეო გადაგეღოთ. აღნიშნული მისიის შესრულებაში სწორედ AZ Screen Recorder დაგეხმარებათ. აპლიკაციაში იხილავთ ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა გარჩევადობისა და ერთ წამში გამოსახული კადრების რაოდენობის ცვლილება. აგრეთვე ხმის ჩაწერასთან და კამერასთან დაკავშირებულ პარამეტრებს. პრო ვერსიაზე განახლების (რომელიც $2.99 ღირს) შემდეგ კი მიიღებთ წვდომას ისეთ ფუნქციებთან, როგორებიცაა “ჯადოსნური ღილაკი”, ვიდეოს მოჭრა, წყალმარკის გაქრობა, ეკრანზე დახატვა, ვიდეოს GIF-ად გადაქცევა და ა.შ.

ლინკი

4. Enpass

შემდეგი აპლიკაცია პაროლების მენეჯერი გახლავთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბლოგის მკითხველთა უმრავლესობა ყველა პლატფორმასა და სოციალურ ქსელში ერთსა და იმავე მარტივ პაროლს იყენებს. რა საკვირველია, აღნიშნული ფაქტორი თქვენს ანგარიშებს რისკის ქვეშ აყენებს. ამიტომ გირჩევთ ისეთი პაროლების მენეჯერის გამოყენებას, როგორიცაა Enpass. აღნიშნულ აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენ ირჩევთ ერთ პაროლს, რომელსაც აპლიკაციის შემდგომში გასახსენალად გამოიყენებთ (აგრეთვე შესაძლებელია თითის ანაბეჭდის გამოყენებაც). ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციიდან დააგენერიროთ უმაღლეს დონეზე დაშიფრული პაროლები და გამოიყენოთ ისინი თქვენი ონლაინ ანგარიშებისთვის. კონკურენტებისგან განსხვავებით, პროგრამის დეკსტოპ ვერსია სრულიად უფასოა და მას შეუძლია შეინახოს თქვენი პაროლები როგორც ლოკალურად, ასევე თქვენთვის სასურველ ღრუბლოვან საცავში (iCloud, Dropbox, Google Drive, OneDrive, Box და ა.შ.). მობილურ ვერსიაზე კი ერთადერთი შეზღუდვა გახლავთ ის, რომ მხოლოდ 20 პაროლის შენახვა შეგიძლიათ. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა კი ერთჯერადად $9.99-ის გადახდით შეგიძლიათ, რომელიც;. ნამდვილად ღირს ასეთ კარგ აპლიკაციაში. რა საკვირველია, აპლიკაცია მულტიპლატფორმულია და მისი დესკტოპ და მობილური ვერსიები ერთმანეთთან სინქრონიზებულია.

ლინკი | საიტი

5. Duolingo

ახლა კი ცოტათი უფრო პოპულალური სერვისის დროა. აღნიშნული აპლიკაციების გამოყენებით, თქვენ შეძლებთ ისწავლოთ ისეთი ენები, როგორებიცაა რუსული, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იაპონური და ა.შ.. სულ ცოტა მონდომებისა და სწავლისადმი ენთუზიაზმით მიდგომის წყალობით თქვენ რამდენიმე კვირაში შეძლებთ ელემენტარულ დონეზე აითვისოთ ნებისმიერი ენა. აპლიკაციაში შეხვდებით სხვადასხვა სახის გაკვეთილებს. რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ აპლიკაციას, მით მეტ დავალებას გახსნით და შესაბამისად – მით მეტს ისწავლით.

ლინკი | საიტი

6. Nova Launcher

ჩემთვის და ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობისთვის, Nova Launcher გახლავთ აპლიკაცია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადმოვიწერო როგორც კი ახალ ტელეფონს ვიყიდი. აღნიშნულ launcher-ს აქვს ისეთი უნიკალური ფუნქციები, როგორებიცაა ჟესტების დაყენება და კონტროლი, ღამის რეჟიმი, შეტყობინებების ემბლემები და ა.შ.. აგრეთვე მას ბოლო განახლებაში დაემატა Google Now ბარათების (ახლა უკვე Feed-ის) მხარდაჭერა! აპლიკაციის მარტივი ინტერფეისისა და პარამეტრების გამო, მას თქვენს გემოზე ხელად მოაწყობთ და შემდეგ შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ, რომ აპლიკაცია თქვენს ტელეფონში აყენია. $4.99-ად შეგიძლიათ prime ვერსიის შეძენა, რომლითაც დეველოპერს ხელს შეუწყობთ და აპლიკაციაშიც ახალ ფუნქციებს გახსნით.

უფასო | Prime

7. Textra SMS

თუ თქვენს ტელეფონს მოყოლილი სამესიჯო აპლიკაცია უკვე მოგბეზრდათ, გირჩევთ, რომ Textra სცადოთ. აპლიკაციაში შეგიძლიათ შეცვალოთ ინტერფეისის თითქმის ყველა ელემენტი. ასევე მას აქვს Pushbullet-ის, Android Wear-ისა და Android Auto-ს სრული მხარდაჭერა. მოკლედ რომ ვთქვათ, აპლიკაცია ყველა მხრივ დახვეწილია. იგი არის მარტივი, ლამაზი და სწრაფი. 14 დღიანი გამოყენების შემდეგ, აპლიკაცია მოგთხოვთ რომ განახლდეთ Pro ვერსიაზე, რომელიც $2.99 ღირს, თუმცა შეგიძლიათ გააგრძელოთ აპლიკაციის უფასოდ გამოყენება, დეველოპერი კი შემოსავალს რეკლამების სახით მიიღებს.

ლინკი

8. Piktures

ულამაზესი ინტერფეისის მქონე გალერეის აპლიკაცია, რომელიც იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. აპლიკაცია არის სრულიად უფასო და არ შეიცავს არანაირ რეკლამებს. იგი აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა უსაფრთხო და ღრუბლოვანი საცავები, ადგილმდებარეობის ფილტრი, კალენდრული ნახვა, ალბომების დამალვა, ვიდეო და GIF დამკვრელები და ა.შ.. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენ ლამაზ და სწრაფ გალერეის აპლიკაციას ეძებთ, Piktures თქვენთვისაა შექმნილი.

ლინკი

 

9. Feedly

თუ ჩვენს ბლოგს ხშირად სტუმრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გიყვართ ტექნოლოგიური სიახლეების კითხვა. ასე რომ, არაა გამორიცხული, თუ გსურთ აპლიკაცია, რომელიც ყველა თქვენს საყვარელ ბლოგსა თუ საიტს ერთ სივრცეში მოაქცევს და საშუალებას მოგცემთ, მარტივად წაიკითხოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლეები. სწორედ ამისთვისაა შექმნილი Feedly. იგი გახლავთ მოქნილი და სადა ინტერფეისით აღჭურვილი RSS კლიენტი, სადაც მარტივად შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი საიტი. მას აგრეთვე აქვს დღისა და ღამის რეჟიმები, სტატიებს სამომავლოდ წასაკითხად შენახვისა და მათი სხვა აპლიკაციებში გაზიარების ფუნქციები.

ლინკი

10. Find My Device

ალბათ გქონიათ შემთხვევები, როდესაც თქვენი ტელეფონი დაკარგულა და მათ მოსაძებნად ბევრი ენერგიის დახარჯვა გამხდარა საჭირო. აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, რომელიც თქვენს Google-ის ანგარიშზეა მიბმული, თქვენ შეგეძლებათ თქვენი სმარტფონის, პლანშეტისა თუ საათის მარტივად მოძებნა. აგრეთვე შესაძლებელია ხმის გაშვება, რომელიც ალბათ მაშინ გამოგადგებათ, თუ ტელეფონი ტახტის უკან ჩაგივარდებათ და ვერ პოულობთ. თუმცა, უფრო რადიკალურ შემთხვევებში, მაგალითად, თუ ტელეფონი ვიღაცამ მოგპარათ, აპლიკაციიდან შეგიძლიათ დაბლოკოთ და დაარესეტოთ იგი, ან უბრალოდ აჩვენოთ შეტყობინება ეკრანზე (დიდი ალბათობით მუქარის შემცველი).

ლინკი

ბონუსი: Google Photos

როგორ შემიძლია გამოვტოვო აპლიკაცია, რომელმაც გამოსვლის დღიდან ჩემი და სხვა ბევრი მოყვარული თუ პროფესინალი მობილურის ფოტოგრაფის გული დაიპყრო? Google Photos გაძლევთ საშუალებას ღრუბლოვან საცავში უმაღლეს ხარისხში ატვირთოთ იმდენი სურათი და ვიდეო, რამდენიც თქვენს გულს გაუხარდება. აგრეთვე იგი აღჭურვილია ისეთი ჭკვიანი ფუნქციებით, როგორებიცაა სურათებისა და ვიდეოების გადავსებული ტელეფონიდან ავტომატური წაშლა, თუ რაღა თქმა უნდა ისინი უკვე უსაფრთხოდ ინახება ღრუბლოვან საცავში. თუ თქვენი მასალის ორიგინალ ხარისხში ატვირთვა გსურთ, მაშინ დამატებითი მეხსიერების ყიდვა Google Drive-ზე მოგიწევთ, სადაც, ალბათ უკვე იცით, რომ 15GB ისედაც უფასოდ გაქვთ. Google Photos თითქმის ყველა თანამედროვე Android სმარტფონს მოყვება, თუმცა არის შანსი იმისა, რომ მათი შესაძლებლობები აქამდე არ გცოდნოდათ. ასე რომ, მე პირადად გირჩევთ გამოიყენოთ ეს საჩუქარი Google-ისგან.

ლინკი


სულ ეს იყო, თუ ეს სტატია გაამართლებს, ვფიქრობ, კიდევ დავწერ რამდენიმე მსგავსს.

ძალიან გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული აპლიკაციების გადმოსაწერად გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ Google Play Store. სხვა წყაროებიდან გადმოწერის შემთხვევაში არის შანსი იმისა, რომ ისინი დაინფიცირებული იყოს. APK ფაილების გადმოსაწერი ერთადერთი სანდო წყარო, რომელსაც მე გირჩევთ, არის APK Mirror.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი