Pixelbook – Google-ის მაღალი წარმადობის პრემიალური Chromebook-ი

დაბრუნება ყველა პოსტი

Pixelbook – Google-ის მაღალი წარმადობის პრემიალური Chromebook-ი


“Made By Google” ღონისძიებაზე კომპანიამ ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი წარმოადგინა, მათ შორის იყო რა თქმა უნდა მეორე თაობის Pixel 2, რომლის შესახებ წინა პოსტში უკვე მოგიყევით, თუმცა აქ ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ საინტერესო პროდუქტზე – Google Pixelbook. მაღალი წარმადობის ლეპტოპი, რომელიც მუშაობს ChromeOS-ზე.

ძირითადად ეს უკვე Google-ის პრემიალური Chromebook-ის მესამე იტერაციაა, თუმცა თუკი თავდაპირველად მას Chromebook Pixel და Pixel 2 ერქვა, კომპანიამ ის გადაარქვა და უფრო ლოგიკური სახელი დაარქვა. ახალ სახელთან ერთად კომპანიამ ლეპტოპის შექმნის ახალი გეზი შეარჩია, რათა ეს იყოს მოწყობილობა მასებისთვის და არა ერთეულებისთბის.

შეიცვალა ფორმ-ფაქტურა. ეს ახლა 4-1-ში ტიპის ტრანსფორმერი გახლავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკრანი 360°-ზე ბრუნავს და შეგვიძლია სასურველ პოზიციაზე მოვირგოთ. ლეპტოპი მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული, ხოლო ზემოთა მხარეს გააჩნია Gorilla Glass შუშის ჩარჩო, რომელიც Pixel ბრენდის სმარტფონების მსგავსია. კორპუსი სულ რაღაც 10 მილიმეტრიანია, რაც მოწყობილობის კომფორტს უზრუნველყოფს არა მხოლოდ ლეპტოპის, არამედ ტაბლეტის მდგომარეობაშიც.

ტაბლეტის რეჟიმს რაც შეეხება, ცალკე შესაძლებელია Pixelbook Pen-ის ყიდვა $99-ად, რომლის წყალობით გაადვილდება გრაფიკულ დავალებებთან მუშაობა, როგორიცაა თუნდაც ხატვა ან რაიმის ჩაწერა.

Pixelbook-ი Core i5 ან Core i7 პროცესორზე მუშაობს 8 ან 16GB ოპერატიული მეხსიერებითა და 128, 256 ან 512GB შიდა მეხსიერებით, რომელიც ძალიან სწრაფი, SSD NVMe ტიპისაა. ეკრანი 12.3 ინჩიანი LCD პანელია 2400 x 1600 რეზოლუციით, რომელიც 235ppi სიმჭიდროვეს იძლევა. ბატარეა 10 საათიან სამუშაოს იძლევა, კომპლექტაციაში კი 45 ვატიანი სწრაფი დამტენია, რომელიც ლეპტოპს 15 წუთში 2 საათიან სამუშაოზე დამუხტავს. ამავე დამტენის გამოყენება ასევე Pixel სმარტფონზეც შეიძლება ან პირიქით, შეგვიძლია Pixel-ის დამტენით დავმუხტოთ Pixelbook-ი, რაც უდავოდ ძალიან კარგი და სამაგალითოა სხვა მწარმოებლებისთვის რადგანაც 99% შემთხვევაში ლეპტოპების დამტენით არ შეიძლება სმარტფონის დამუხტვა და პირიქით.

როგორც უკვე აღვნიშნე, Pixelbook მუშაობს Chrome OS საოპერაციე სისტემაზე და აქვს Google Play-ს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ნებისმიერი Android აპლიკაციის გამოყენება, გადმოწერა და ყიდვა, რაც უდავოდ ძალიან კომფორტულია. არის ავტომატური განახლებების მხარდაჭერა, რის ხარჯზეც მოწყობილობა Pixel-ივით განახლდება ავტომატურად, გადატვირთვების და ყოველგვარი ლოდინის გარეშე.

Google Pixelbook-ი მინიმალურ კონფიგურაციაში $999-დან იწყება Core i5, 128GB SSD და 8GB ოპერატიულ მეხსიერებაში. იმავე პროცესორით, ოპერატიულით და 256GB SSD-ით ფასი $1199 შეადგენს, ხოლო მაქსიმალური კონფიგურაცია Core i7, 16GB ოპერატიული და 512GB შიდა მეხსიერებით $1649-ს შეადგენს.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი