Oculus Go – კომპანიის პირველი ავტონომიური VR მოწყობილობა

დაბრუნება ყველა პოსტი

Oculus Go – კომპანიის პირველი ავტონომიური VR მოწყობილობა


Facebook-ის კუთვნილი Oculus-ი ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა ვირტუალური რეალობის სფეროში, რა თქმა უნდა თავის უდიდეს კონკურენტ – HTC Vive-თან, თუმცა ამ ორი ყველაზე პოპულარული ვირტუალური რეალობის პლატფორმების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის ის, რომ სათვალე მუდმივად უნდა იყოს დაკავშირებული პერსონალურ კომპიუტერთან კაბელების საშუალებით, რაც თამაშის დროს ხშირ შემთხვევაში შემშლელია და ბოლომდე არ “გვძირავს” ვირტუალურ სამყაროში და გადაადგილებისას პრობლემას გვიქმნის, შეიძლება ფეხი წამოვდოთ და წავიქცეთ კიდეც.

კომპანია უკვე რამოდენიმე თვეა ზუსტად ამ ამოცანითაა დაკავებული და სურს შექმნას მობილური ვირტუალური რეალობა, რომელიც აღჭურვილი იქნება პერსონალური კომპიუტერის სიძლიერითა და გრაფიკით, თუმცა სანამ ეს პროექტი ჯერ შემუშავებისა და პროტოტიპის ფაზაშია, კომპანიამ გუშინ Oculus Go გამოუშვა. ფაქტობრივად ეს არის Gear VR, რომელიც არ საჭიროებს სათვალეში სმარტფონის ჩადებას.

Samsung-ი დიდი ხანია მუშაობს Oculus-თან და პარტნიორობაში ქმნის Gear VR აქსესუარს, Oculus Go კი ზუსტად ამ იდეაზე შენდება და მომხმარებელს შესთავაზებს იმავე კონტენტს, აპლიკაციებსა და თამაშებს რაც უკვე ხელმისაწვდომია Samsung-ის ეკოსისტემაზე. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით Oculus Go მუშაობს Android საოპერაციე სისტემაზე, რაც უდავოდ ძალიან კარგია დეველოპერებისთვის.

დეველოპერებს რაც შეეხება, Oculus Go-ზე თამაშების/კონტენტის შექმნით ისინი ავტომატურად ქმნიან ამ ყველაფერს Gear VR-ისთვისაც, რადგან ეს ორი მოწყობილობა კროს-პლატფორმულია. მოწყობილობას ასევე მოყვება კონტროლერიც, რომელიც, Oculus-ის თქმით ზუსტად Gear VR-ის კონტროლერივით მუშაობს.

ტექნიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ანონსზე ძალიან ბევრი არ იყო ნათქვამი, თუმცა მოწყობილობის შიგნით 2K გაფართოების “Fast Switch LCD ეკრანია”, რომელსაც 120Hz ჩვენების მხარდაჭერა აქვს, რაც კომპანიის თქმით ბაზარზე საუკეთესოა. ამასთან ერთად არის 3.5მმ ყურსასმენების ჯეკი (გაგიკვირდათ, არა?!), თუმცა ამასთან ერთად, თავის მოსაჭერზე სტერეო დინამიკებია განლაგებული.

Oculus Go 2018 წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი, მისი ფასი კი $199-ს შეადგენს, რაც სავსებით ხელმისაწვდომია, Facebook-ის ერთ-ერთი უდიდესი მიზანი კი ახლა ვირტუალური რეალობის მიწვდომაა 1 მილიარდ ადამიანამდე, რაც უდავოდ ძალიან ძნელი ამოცანაა და ბევრ მუშაობას მოითხოვს. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ კომპანიამ თავისი ფლაგმანური Oculus Rift-იც გააიაფა და $399 გახადა, თუმცა შეგახსენებთ, რომ ამასთან ერთად საჭიროა სავსებით ძლიერი პერსონალური კომპიუტერის / ლეპტოპის ქონა.

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი