Google-მა თავისი მეორე თაობის სმარტფონი – Pixel 2 წარადგინა

დაბრუნება ყველა პოსტი

Google-მა თავისი მეორე თაობის სმარტფონი – Pixel 2 წარადგინა


“რა იქნება, თუკი სმარტფონი უფრო ჭკვიანი და მარტივი იქნება?”

სწორედ ეს კითხვა დაუსვა კომპანიამ თავის თავს, პასუხი კი Pixel იყო – პირველი სმარტფონი, რომელიც თავიდან ბოლომდე Google-ის მიერ იყო შექმნილი.

გასული წლის განმავლობაში Pixel-მა Google-ის და რაც მთავარია მომხმარებლების მოლოდინებს სრულიად გადააჭარბა. ეს ყველაფერი მოხერხდა სხვა Android მწარმოებლებისგან განსხვავებით აპარატურული და პროგრამული მხარეების შერწყმით, რის შედეგადაც Pixel-ის გამოცდილება სხვებთან შედარებით ყველაზე მყუდრო იგრძნობოდა. ამ ყველაფერთან ერთად კი გააჩნდა კამერა, რომელიც 2016 წელს საუკეთესოდ დასახელდა და 2017 წელსაც კი შეინარჩუნა აღნიშნული ტიტული დღევანდელ დღემდე.

კომპანია რა საკვირველია არ წყვეტს განვითარებას და სურს, რომ სმარტფონებისგან გაცილებით მეტი უნდა მოვითხოვოთ, რის გამოც წარმოგვიდგინა თავისი მეორე თაობის სმარტფონი – Google Pixel 2.

Pixel 2-ს კვლავ საუკეთესო მობილური კამერა აქვს ბაზარზე და ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სისტემაში იმდენადაა ინტეგრირებული, რომ აპარატურული და პროგრამული ნაწილების შერწყმის გარდა აქ სამი მთავარი ასპეკტია შერწყმული: აპარატურული მხარე, პროგრამული და ახალი პუნკტი, რაც ხელოვნური ინტელექტია. Google-ი გვპირდება, რომ შემდეგი ათწლეულის ევოლუცია სწორედ ხელოვნურ ინტელექტში მოხდება, Pixel 2 კი ამ ევოლუციური ნაბიჯების პირველი ეტაპია.

საუკეთესო მობილური კამერა (ჰო, ისევ)

ბოლო დროს სმარტფონი გახდა ჩვენი ღირებული მომენტების აღბეჭდვის უმთავრესი და ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდი, Pixel 2-ის კამერით კი Google-ი ფოტოგრაფიის საუკეთესო გამოცდილებას გვთავაზობს. ჯერ კიდევ პირველი თაობის Pixel-ს საერთოდ არ ეშინოდა ბნელი განათების, Pixel 2 კიდევ უფრო გაუმჯობესდა. დაემატა ოპტიკური სტაბილიზაცია, დიაფრაგმა გაიზარდა f/1.8-მდე, რაც უფრო ნათელ ფოტოებს უზრუნველყოფს. ისევე როგორც პირველი თაობის Pixel-ში, კამერა მუშაობს Google-ის გამოთვლით ალგორითმებსა და მანქანურ სწავლებაზე, რის შედეგად შეგვიძლია მივიღოთ აღმაშფოთებელი ფოტოები მარტივად და ძალიან სწრაფად, გადაღების ღილაკზე ერთხელ დაჭერით, რაც სწორედ პირველმა Pixel-მა დაამტკიცა.

ოპტიკური და გიროსკოპული სტაბილიზაციის კომბინაციით Pixel 2 კიდევ უფრო აუმჯობესებს გასული წლის “ყველაზე სტაბილური ვიდეო გადაღების” ტიტულს, კიდევ უფრო სტაბილური და რხევებისგან თავისუფალი ვიდეო გადაღებისთვის.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ბაზარზე თითქმის ყველა დიდი მოთამაშე თავის სმარტფონებს მეორე კამერის მოდულს ამატებს, რომელიც სიღრმის ინფორმაციას იღებს და გვთავაზობს პორტრეტული ფოტოების გადაღებას დაბურული ფონით, თუმცა Google-მა გამოთვლითი ალგორითმებითა და მანქანური სწავლებით იმავე ეფექტს და უკეთესსაც მიაღწია ორმაგი კამერის გარეშე. კომპანია რეკლამაშიც კი დასცინის სხვა მწარმოებლებს – “თქვენ მეორე კამერა დაამატეთ, ხომ? ჩვენ ის არ გვჭირდება! აი ესაა ჩვენი გენიალურობა!”

პორტრეტული ფოტოების გადაღება არა მხოლოდ უკანა კამერით, არამედ წინათიც შეიძლება, ამრიგად სელფები მხოლოდ სელფები აღარ იქნება, არამედ ხელოვნების ნიმუში.

DxOMark, რომელმაც გასული წლის Pixel-ი საუკეთესოდ მოიაზრა 90 ქულით, წელს ასევე საუკეთესო შეფასებით აფასებს Pixel 2-ს – 98 ქულით. ამ ყველაფერთან ერთად Google-ი კვლავ გვაძლევს საშუალებას Google Photos-ში ავტვირთოთ ულიმიტო რაოდენობის ფოტოები ხარისხის დაკარგვის გარეშე.

ექსკლუზიურად Pixel-ისთვის, მალე დაემატება AR (დამატებითი რეალობის) სტიკერები, რომლების განთავსება ფიზიკურ სამყაროში შეგვეძლება ვირტუალურად და მათთან ინტერაქტივა.

მოძებნე ის, რასაც ხედავ

Pixel 2-ის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად ასევე Google Lens იქნება ხელმისაწვდომი. ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების კომბინაციამ Google-ის ძებნის ალგორითმებთან, საშუალება მისცა კომპანიას შეექმნა კომპიუტერული ხედვა, რაც ნიშნავს იმას, რომ კამერის დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს გარშემო ნებისმიერ ობიექტზე: იქნება ეს ქალაქში განთავსებული ღირსშესანიშნაობა, წიგნი, მუსიკალური ალბომი, პროდუქტი, თუნდაც ძაღლის ან ყვავილის ჯიშიც კი.

Lens-ის საშუალებით ასევე მარტივადაა შესაძლებელი სავიზიტო ბარათიდან ან თუნდაც სარეკლამო პოსტერიდან ინფორმაციის ამოღება, როგორიცაა ლოკაცია, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. ეს ყველაფერი კი მარტივად, ობიექტზე კამერის მიტანით, რის შემდეგ ინფორმაცია ტელეფონში შეინახება.

გააკეთე ბევრად მეტი

სმარტფონების ბატარეის ხანგრძლივობა, ალბათ დამეთანხმებით, ყველასთვის ძალიან დიდი ტკივილია, თუმცა Pixel 2-ში Google-მა შეეცადა მაქსიმალური ამოეწურა, რის შედეგადაც სმარტფონები მთელ დღეს უპრობლემოდ გაძლებენ, სწრაფი დამუხტვის საშუალებით კი შესაძლებელია 15 წუთი დამუხტვით 7 საათი მუშაობა. სმარტფონი ასევე ახლა IP67 სერტიფიკაციითაა დაცული წყლისა და მტვრის წინააღმდეგ, რაც პირველ თაობაში დიდ დანაკლისად ითვლებოდა.

Pixel-ისთვის ტრადიციულად სმარტფონი საუკეთესო უსაფრთხოებითაა აღჭურვილი და ყოველ თვე განახლდება უახლესი უსაფრთხოების ვერსიებით, თანაც ფონურ რეჟიმში, ყოველ განახლებაზე არ მოგვიწევს ტელეფონის გამორთულ მდგომარეობაში ლოდინი, თუ როდის დააყენებს განახლებას. Google-ი ასევე მინიმუმ 3 წლიან Android განახლებების დაპირებას იძლევა, ამას დამატებით 2 წლიან უსაფრთხოების განახლებებთან ერთად, რაც Android სმარტფონებში პირველად ხდება.

ჰე, მითხარი რა მონაცემებზეა ეს სილამაზე

Pixel 2 კვლავ ორ ზომაში გამოდის. Pixel 2-ს 5 ინჩიანი OLED ტიპის ეკრანი აქვს 1080P რეზოლუციით და კინომატოგრაფიული 16:9 ასპეკტური ფარდობით, ხოლო Pixel 2 XL-ს 6 ინჩიანი p-OLED ტიპის ეკრანი 1440P რეზოლუციით და 18:9 ასპეკტური ფარდობით მომრგვალებული კუთხეებით. ორივე სმარტფონი Gorilla Glass 5 შუშას იყენებს, 2-ზე ის 2.5D ეფექტითაა მომრგვალებული, ხოლო 2 XL-ზე ის 3D ეფექტითაა მომრგვალებული, რაც კორპუსისა და ეკრანის შელევადობას ძალიან საინტერესოს ხდის.

ორივე სმარტფონი Android 8.0 Oreo-ზე მუშაობს, ახალი ექსკლუზიური ფუნქციებიდან კი აღსანიშნავია Always-On ეკრანი, რომელიც დროს და შეტყობინებებს ანახებს, ასევე ფონურ რეჟიმში მუსიკალური ამომცნობია ჩაშენებული, რომელიც ყოველთვის უსმენს მუსიკას და თუკი ფონურ რეჟიმში რაიმე უკვრავს, ის ამ მუსიკას ამოიცნობს და Always-On ეკრანზე გეუბნებათ თუ რა სიმღერაა ჩართული. (რა საკვირველია სურვილისამებრ, შეიძლება გამორთვა, თუკი მუდმივი მოსმენა გაშინებთ). სმარტფონის გვერდებში ასევე ჩაშენებულია წნეხის სენსორები, ამრიგად სმარტფონის მოჭერით ახლა შესაძლებელია Google Assistant-ის გამოძახება.

 

ეს ყველაფერი მუშაობს Qualcomm-ის უახლეს Snapdragon 835 პროცესორზე და მხარს უჭერს 4 GB ოპერატიული მეხსიერება, ხოლო შიდა მეხსიერებას რაც შეეხება, ის არჩევით, 64 ან 128GB არის.

Pixel 2 ხელმისაწვდომია 3 ფერში: “თითქოს ლურჯი” , “უბრალოდ შავი” და “აშკარად თეთრი”, ხოლო Pixel 2 XL ორ ფერშია: “უბრალოდ შავი” და “შავ თეთრი”.  თითოეულ ფერს განსაკუთრებული დიზაინერული ჩანაფიქრი აქვს. მაგალითისთვის, “თითქოს ლურჯ” Pixel 2-ს გვერდითა ღილაკი ნეონური მოცისფრო – აკუა ფერია, ხოლო Pixel 2 XL-ში ღილაკი ნარინჯისფერია, რაც ერთობ საინტერესო კონტურს ავლებს სმარტფონების დიზაინში.

ფასებს რაც შეეხება, Pixel 2-ის ფასი $649-დან, ხოლო Pixel 2 XL-ის ფასი $849-დან იწყება 64GB-იან მოდელში, ხოლო 128GB-იანი მოდელი 100$-ით უფრო ძვირი დაჯდება – შესაბამისად $749 და $949.

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი