ეს არის Moto X4: შუშის დიზაინი, ორმაგი კამერა, Snapdragon 630 პროცესორი

დაბრუნება ყველა პოსტი

ეს არის Moto X4: შუშის დიზაინი, ორმაგი კამერა, Snapdragon 630 პროცესორი


Motorola-მ წელს ძალიან ბევრი სმარტფონი გამოუშვა სხვადასხვა საფასო კატეგორიაში, რათა თითოეულ მომხმარებელს მოერგოს ბიუჯეტის საკითხში და საუკეთესო ვარიანტი შესთავაზოს, თუმცა კომპანიის $350-400-იანი სეგმენტი ჯერაც თავისუფალია.

გასულ წელს, როდესაც კომპანიამ Moto Z ოჯახი წარადგინა, ყველასათვის საყვარელი Moto X სერია დავიწყებას მიეცა, თუმცა წელს Motorola-ს საშუალო კლასის სმარტფონი ისევ ბრუნდება რიგით მეოთხე იტერაციაში.

გუშინ ინტერნეტ-სივრცეში სმარტფონის სურათები გავრცელდა ბარსელონას FCC-ის ანალოგზე, სადაც ვიხილეთ შავი Moto X4 ყველა მხრიდან, რომელიც სურათზე ცოტა არ იყოს, სქელიც კი ჩანდა.

დღეს Android Authority ავრცელებს მოწყობილობის ზუსტ ფოტოს, ზომებსა და ტექნიკურ მონაცემებს.

Moto X4-ის დიზაინი წინამორბედისგან სრული დეპორტაციაა, რადგან ის ახლა შუშისაა. სმარტფონის წინ და უკან Corning Gorilla Glass შუშაა, რომელთაგან უკანა შუშა 3D ტიპის მომრგვალებულია და შიგნით სპეციალური საფარი გააჩნია, რის შედეგადაც ის შუქზე ცვალებადი იქნება HTC U11-ის ან Honor 8-ის მსგავსად. წინა და უკანა შუშას რა საკვირველია მეტალის ჩარჩო შეაერთებს, სისქე კი 7.99 მილიმეტრი იქნება, რაც სავსებით სქელია Motorola-ს ფლაგმანური Z2 Force-თან შედარებით, რომელიც სულ რაღაც 6 მილიმეტრია სისქეში. სხვა ზომებს რაც შეეხება, სმარტფონს სიგრძე 148.35 მილიმეტრია, სიგანე 73.4 მილიმეტრი, ხოლო წონა შეადგენს 163 გრამს.

სულ ჯამში სმარტფონის 4 გლობალური ვერსია იქნება მცირედი განსხვავებით მოდელებს შორის, თუმცა ყველა მათგანი Snapdragon 630-ზე იქნება წარმოდგენილი Adreno 508 ვიდეო-ამაჩქარებლით. ევროპასა და ამერიკაში მოწყობილობას 3GB ოპერატიული და 32GB შიდა მეხსიერება ექნება, ხოლო აზია X4-ს 4/64GB-იან კონფიგურაციაში იხილავს.

წინა მხარეს 5.2 ინჩიანი ეკრანია განთავსებული Full HD რეზოლუციით, ხოლო მის ქვემოთ თითის ანაბეჭდის სენსორია. როგორც ადრინდელი ჭორებიდან გავიგეთ, სმარტფონს 16 მეგაპიქსელიანი F/2.0 და 1.0µm პიქსელთა ზომის სელფის კამერა ექნება, რომელიც Motorola-ს თქმით მოგვცემს ულტრა-ბნელი სელფების გადაღების შესაძლებლობას ადაპტიური სინათლის რეჟიმით. წინა კამერას ასევე შეეძლება 4K ვიდეოს გადაღება 30 კადრი წამსა და Full HD ვიდეოს გადაღება 60 კადრ წამში.

უკანა მხარეს, როგორც უკვე აღვნიშნე, შუშის პანელია შუქზე ცვალებადი ფერებით. აქ ასევე ორმაგი კამერაა, თუმცა Moto Z2 Force-ისა და Moto G5s Plus-ის ორმაგი კამერისგან განსხვავებით, აქ ერთი კამერა ჩვეულებრივი 12 მეგაპიქსელიანია ორმაგი ავტოფოკუსური სისტემით, f/2.0 აპერტურითა და 1.4µm პიქსელის ზომით, ხოლო მეორე კამერა 8 მეგაპიქსელიანია და LG-ის სმარტფონების მსგავსად ფართო-კუთხოვანი სენსორია 120° ხედვის კუთხით. კამერას ასევე ორმაგი განათება, ფაზური ავტოფოკუსი და პორტრეტული რეჟიმი აქვს.

სმარტფონს ენერგიას 3,000 მილიამპერიანი ბატარეა აძლევს, რომელსაც Motorola-ს TurboCharging სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია აქვს და კომპანიის თქმით, 30 წუთიანი დამუხტვა საათობით ენერგიას მისცემს სმარტფონს. Moto X4-ს რა თქმა უნდა ასევე ექნება კომპანიის ჟესტური მართვა, როგორიცაა Moto Actions, Moto Display, Moto Voice და ა.შ

სმარტფონი ასევე IP68 სერტიფიკაციით იქნება დაცული წყლისგან და მტვერისგან.

ხელმისაწვდობას რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის გამოვა სმარტფონი გაყიდვაში და როდის დაანონსდება.

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი