როგორ გავაგრილოთ ჩვენი სმარტფონი ზაფხულში

დაბრუნება Posts

როგორ გავაგრილოთ ჩვენი სმარტფონი ზაფხულში


ზაფხული ბევრისთვის დასვენებასთან, მეგობრებთან, ოჯახთან ერთად გართობასთან, სხვადასხვა წვეულებებთან და გამაგრილბლი სასმელების წრუპვასთან ასოცირდება იქამდე, სანამ რეალურად არ დადგება ცხელი პერიოდი და უკვე ვიაზრებთ, რომ ასეთ პაპანაქება სიცხეში არაფრის თავი არ გვაქვს, არავინ და არაფერი გვინდა, სმარტფონში მხოლოდ Facebook-ს ვათვალიერებთ და ტელეფონი უკვე დუღს.

სმარტფონი რა საკვირველია ჩვენი ყოველდღიური მეგზურია. ჩვენ მას ერთი წუთითაც არ ვტოვებთ მარტო, სულ თან დაგვაქვს და ამ სიცხის მსხვერპლი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი საუკეთესო მეგობარი სმარტფონიც კი ხდება.

თბილისში დღეს ტემპერატურის რეკორდული, 39°C სიცხის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მობილური ტექნოლოგიების Facebook ჯგუფები, მათ შორის ჩვენი ჯგუფიც, აივსო პოსტებით, როგორიცაა:

“ტელეფონი ამ ბოლო დღეებში უაზროდ მიცხელდება”

“დამეხმარეთ, ტელეფონი ისე გამიცხელდა ხელს ვერ ვკიდებ”

ზუსტად ამიტომაც, მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ხრიკი, რათა თქვენი ტელეფონი დაიცვათ სიცხისგან და გადახურებისგან.

არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ტელეფონი მანქანაში

ალბათ იცით, რომ ზაფხულში ბავშვის ან ცხოველის მანქანაში დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ფანჯრები ბოლომდეა დაწეული. მოგეხსენებათ, მანქანა მთლიანად ერთი დიდი მეტალია და სიცხეში, მზეში დგომისას ის ფაქტობრივად გიგანტური მეტალის ინკუბატორი ხდება. რა თქმა უნდა, ასეთ დახშულობაში სმარტფონის დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან სიცხის გამო სმარტფონი, კერძოდ კი მისი ბატარეა შესაძლოა დაზიანდეს.

მოხსენით თქვენს ტელეფონს ქეისი

ზაფხულში თქვენ არ ჩაიცმევდით ზამთრის თბილ სვიტრს, ხომ ასეა? ზუსტად ამიტომაც, არანაირი აზრი არ აქვს ზაფხულში თქვენს სმარტფონს გაუკეთოთ ქეისი, რადგან სმარტფონის გაცხელებასთან ერთად, ქეისში იქმნება დახშულობა, რის გამოც სმარტფონი შესაძლოა უფრო მეტადაც კი გადახურდეს და რაიმე დაუზიანდეს. მაგალითისთვის, ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრჯერ მომხდარა ფაქტები, როდესაც დამტენზე შეერთებული ქეისიანი სმარტფონები ფეთქდებიან კიდევაც! *ჩახველება* Note7 (და არამარტო)

ამიტომაც მიეცით საშუალება თქვენი სმარტფონის კანმა ისუნთქოს!

გამორთეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ

თუკი დროის რაღაც მონაკვეთში Bluetooth, LTE, Wi-Fi და GPS არ გჭირდებათ, გამორთეთ. ეს ოთხი ფუნქცია ისედაც ბატარეის და პროცესორის ყველაზე დიდი მტერია. ზუსტად ამიტომაც, თუკი დღის განმავლობაში ეს ფუნქციები რაღაც დროით არ გჭირდებათ, უბრალოდ გამორთეთ. ამით არა მხოლოდ მოიგებთ მეტი ბატარეის ხანგრძლივობას, არამედ დაიცავთ თქვენ სმარტფონს გადაცხელებისგან

არ ჩადოთ თქვენი სმარტფონი საყინულში

ალბათ კარგად იცით, რომ თუკი ცხელ, გავარვარებულ ჭიქას საყინულში შევდებთ, ის გასკდება. საკმაოდ გავრცელებულია ის სტერეოტიპი, რომ თუკი სმარტფონი გაცხელდა, ის ცოტა ხნით უნდა “გავაგრილოთ” საყინულში, თუმცა ეს ასე არ არის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვქნათ. მართალია ტემპერატურული სწრაფი ცვლის გამო ჩვენი სმარტფონი გავარვარებული ჩიქასავით არ გასკდება, მისი შიდა ნაწილები შესაძლოა დაზიანდეს და ასეთი ნაბიჯი ძალიან სარისკოა.

არ გარეცხოთ ცხელი სმარტფონი ცივ წყალში

ისევე, როგორც ცხელი სმარტფონის მოთავსება არ შეიძლება საყინულში, არ შეიძლება წყალგაუმტარი სმარტფონის გარეცხვაც ცივ წყალში, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ტემპერატურის სწრაფმა ცვლამ შესაძლოა სარისკო ფაქტორები გამოიწვიოს.

ნუ შეგეშინდებათ სმარტფონის გაცხელების

საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ სმარტფონის გაცხელება მით უმეტეს ასეთ ამინდში, სავსებით ნორმალურია და ამისი არანაირად არ უნდა შეგეშინდეთ. ყველა სმარტფონი ასე თუ ისე ცხელდება, მით უმეტეს, როდესაც თქვენ იყენებთ გრაფიკულად ინტენსიურ აპლიკაციებს, როგორიცაა მაგალითად თამაშები, ან პროგრამები, რომლებიც დიდი ინტენსივობით იყენებენ პროცესორის ვიდეო ამაჩქარებელს. გაცხელება ასევე ნორმალურია, როდესაც სმარტფონი იტენება, მით უმეტეს დღესდღეობით სმარტფონების უმრავლესობა იყენებს სწრაფად მმუხტავ ტექნოლოგიას, რის გამოც ბატარეა შესაძლოა გაცხელდეს.

თქვენ როგორ აგრილებთ სმარტფონს?

ჩვენ ყველას გვაქვს სმარტფონის გაგრილების ჩვენებური მეთოდი, როდესაც გარე სამყარო იწვის.  მიჰყევით ჩვენს მეთოდებს და ასევე გაგვიზიარეთ თქვენებურიც!


გააზიარე

დაბრუნება Posts