Sony-ის პირველი 4K OLED ტელევიზორი: განხილვა

დაბრუნება Posts

Sony-ის პირველი 4K OLED ტელევიზორი: განხილვა


A1-ი არის Sony-ს პირველი 4K OLED ტელევიზორი, რომელიც კომპანიამ CES 2017-ზე წარმოადგინა. ჯერ კიდევ, 2008 წელს Sony-მ პირველი 11 ინჩიანი OLED ტელევიზორი გამოუშვა, რომელიც 3500$ ღირდა და იმავე წელსვე შეწყდა მისი წარმოება. ხოლო ახლა, კომპანია ისევ დაუბრუნდა აღნიშნული ტიპის ეკრანებს.

Sony A1-ი არის შემდეგ ზომებში: 55 ინჩიანი (Sony KD-55A1) და 65 ინჩიანი (Sony KD-65A1) ეკრანის ზომით. ფასები იწყება 4000$-დან (55 ინჩიანი) და ადის 5500$-მდე (65 ინჩიანი). Sony-მ ასევე აღნიშნა 77 ინჩიანი ვერსიის შესახებ, მაგრამ ინფორმაცია ფასის შესახებ უცნობია. ამერიკაში A1-ი ცნობილია როგორც, Sony A1E, შესაბამისად, XBR-55A1E და XBR-65A1E მოდელი.

4k ეკრანისა და HDR შესაძლებლობების გარდა, ყველაზე სასიხარულო ამბავი ისაა, რომ კომპანიამ სერიოზულად მოკიდა ხელი OLED ტიპის ეკრანებს. განსაცვიფრებელი დიზაინის გარდა, დიდ შთაბეჭდილებას იწვევს ის ფაქტი, რომ დინამიკები ეკრანშია მოთავსებული.

დიზაინი და მახასიათებლები

Sony-ის ახალ ტელევიზორს ძალზე მინიმალისტური დიზაინი აქვს. კომპანია მას კონცეპტუალურს უწოდებს. A1-ი წინიდან სულაც არაა გამაღიზიანებელი ან შემაწუხებელი იმის გათვალისწინებით, რომ ტელევიზორს სურათის ჩარჩოსნაირი სადგამი აქ. უკანა მხარე შუშისაა, რათა დიზაინერულად წინა პანელს ერწყმოდეს. ასევე, მის შუა ნაწილში მეტალის კანტია, რომლის მარცხენა კუთხეში BRAVIA-ს ლოგოა ამოტვიფრული. ტელევიზორი აგრეთვე, გადახრილია ხუთი გრადუსით უკან. თავიდან თვალი შეუჩვეველია, მაგრამ დაახლოებით ერთ კვირაში ეს ფაქტი იმდენად შესამჩნევი აღარაა. თუმცა, მას მაშინ დააკვირდებით, როდესაც ტელევიზორს გვერდით ჩაუვლით.

OLED პანელებს აქვთ ფართო კუთხის ხედვა, ასე რომ არაა აუცილებელი მაინცდამაინც ტელევიზორის წინ დაჯდეთ და პირდაპირ უყუროთ. A1-ის სადგამის ქვედა ნაწილი უფრო მტკიცეა და საერთო ჯამში 36 კილოგრამს იწონის. შეიძლება დელიკატურად გამოიყურებოდეს, თუმცა ტელევიზორი ასე მარტივად არ წაიქცევა თუ მასზე არ მოახდენთ განსაკუთრებულ ძალდატანებას.

უკანა პანელის მოხსნის შემდეგ, თქვენ აღმოაჩენთ ტელევიზორის საბვუფერს, ოთხ HDMI პორტს. ასევე, სადგამის დაკეცვის შემთხვევაში, ტელევიზორს გამოიყენებთ კედელზე დასაკიდად მასში ჩაშენებული სამაგრით, რომელიც თავსებადია ჩვეულებრივ კედლის საკიდებთან. ერთი შეხედვით, რთულია იპოვოთ დინამიკების ადგილმდებარეობა. როგორც აღვნიშნე, Sony-მ ისინი ეკრან ქვეშ მოათავსა. ფაქტობრივად, ეკრანი არის დინამიკი, ერთგვარი აკუსტიკური ზედაპირი, რომელსაც კარგი ხმის ხარისხი აქვს. ტელევიზორის უკან ჩაშენებულია მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის ვიბრირებას, რათა მოხდეს ხმის გადმოცემა.

 

Sony A1-ში, როგორც ჭკვიანი ტელევიზორის სეგმენტის ხაზით, Android TV-ს ინტერფეისს ვხვდებით, რომელიც შეთავსებადია Google Cast-თან. ტელევიზორი მუშაობს Android-ის 6.0.1 ვერსიაზე და განახლებადია 7.0-მდე. რა თქმა უნდა, 3D გამოსახულების მხარდაჭერა ტელევიზორების თითქმის ყველა მწარმოებელმა შეწყვიტა, მათ შორის Sony-მაც. გამონაკლისია Panasonic-ი, რომელმაც ამ წელს ერთი მოდელი გამოუშვა 3D მხარდაჭერით. A1 OLED TV-ს აქვს Dolby Vision-ის, HDR10-სა და HLG-ის მხარდაჭერა.

გამოსახულება

ეს არის ბოლო თაობის OLED პანელი, რომლის მწარმოებელიც LG-ია და მისი მაქსიმალური სიკაშკაშე 1000nits-ს აღწევს. A1-ის ეკრანი მართლაც ნათელია, მაგრამ Samsung-ის Q7F ტელევიზორი გაცილებით კაშკაშაა. საუკეთესო შავი ფერი რა თქმა უნდა, OLED ტიპის ეკრანისთვისაა დამახასიათებელი. ის, რაც Sony-ის ტელევიზორის OLED კომპლექტს LG-ისგან განასხვავებს, არის მონაცემთა დამუშავება. A1-ი აღჭურვილია პროცესორ X1 Extreme-ით, რომელიც უკეთეს 4K გამოსახულებას იძლევა, TRILUMINOS ეკრანითა და რა თქმა უნდა, 4K HDR OLED პანელით.

ხმის ხარისხი

როგორც აღვნიშნე, A1-ს დინამიკები ეკრანში აქვს ჩაშენებული. თუ თქვენ ეკრანს შეახებთ თითს, იგრძნობთ ვიბრაციას, თუმცა ვერ დაინახავთ, რადგან პროცესი მაღალი სიხშირით მოქმედებს. ხმის ხარისხი უკეთესია ტელევიზორების ჩვეულებრივ დინამიკებზე, მაგრამ არა საუკეთესო. ამასთანავე, აქვს მაღალი და სუფთა ჟღერადობა. ესაა ინოვაციური ACOUSTIC SURFACE ტექნოლოგია, რომლითაც აღნიშნული ტელევიზორია აღჭურვილი.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, Sony-ი როგორც იქნა დაუბრუნდა OLED პანელს და ღირსეულად წარსდგა CES 2017-ზე. კომპანიას Sony Bravia A1-ი მართლაც შთამბეჭდავი ტელევიზორი გამოუვიდა თავისი ინოვაციური ტექნოლოგიებით. პლიუსებში შეიძლება ჩაითვალოს ბრწყინვალე სურათის გამოსახულება, მონოლითური დიზაინი, ხმის ინოვაციური ტექნოლოგია, რისი მეშვეობითაც დინამიკები ეკრანშია ჩაშენებული და ასევე, ფართო კუთხის ხედვა. მინუსებს რაც შეეხება, ძირითადად მაღალი ფასი, არც ისე კაშკაშა ეკრანი და შემთხვევითი აუდიო შეფერხებებია.


გააზიარე

დაბრუნება Posts