Android O: Google-ის შემდეგი თაობის ტკბილი ოპერაციული სისტემა

დაბრუნება ყველა პოსტი

Android O: Google-ის შემდეგი თაობის ტკბილი ოპერაციული სისტემა


Google I/O 2017-ზე Google-მა თავისი ახალი ოპერაციული სისტემა – Android O წარადგინა ოფიციალურად, რომელიც მოიცავს მრავალ გაუმჯობესებულ, დახვეწილსა თუ დამატებულ ფუნქციონალს. კრიტიკოსების შეფასებით, Android-ის ახალი ვერსია არის ის, რასაც ისინი ამდენი ხნის გნამავლობაში ელოდნენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიისგან. განვიხილოთ Android O-ში წარდგენილი სიახლეები დეტალურად:

1. სურათი სურათში

Android-ის მომხმარებლები ამას ძალიან დიდი ხანია ითხოვდნენ და როგორც იქნა, Google-მა ის დაამატა! ეს არის ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს ვიდეოს მცირე ჩარჩოში ჩაკეცვას, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ ვიდეო დამკვრელიდან (მაგალითად YouTube აპლიკაციიდან) გასვლას, ახლა თქვენ შეგიძლიათ ვიდეოს ყურებასთან ერთად სხვა ოპერაციების შესრულება, ამავე დროს, პატარა ჩარჩოში ვიდეოს გადაადგილება არის იქით-აქეთ შესაძლებელი, სურვილის შემთხვევაში კი ჩარჩოს ზომის შეცვლა, ან ისევ უკან ვიდეოში დაბრუნება. სულ გამოსართავად კი, საკმარისია ვიდეოს ქვემოთ ჩაგდება, როგორც Messenger-ის Chat Head-ს “ვაგდებთ” ქვემოთ.

2. შეტყობინებების წერტილები

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ანდროიდს დღემდე არ გააჩნდა შეტყობინებების დამთვლელი, როგორიც  iOS-შია წარმოდგენილი. ახალ ვერსიაში Google-მა ის დაამატა, თანაც ხილის კომპანიისგან საკმაოდ განსხვავებულადაც. ახალი შეტყობინებების სისტემა მოსაწყენი ციფრების ნაცვლად, აპლიკაციის ზედა მარჯვენა კუთხეზე, მისივე ფერის შესაბამის წერტილებს სვამს, რაც გვატყობინებს, რომ ამა თუ იმ აპლიკაციაში გველოდება შეტყობინება, ხოლო ხატულაზე დიდხანს დაჭერისას ამოდის ახალი Shortcuts მენიუ, სადაც ახლა გზის მჭრელი ფუნქციების გარდა, ჩანს შეტყობინებებიც და შესაძლებელია მათთან ინტერაქტიულობა.

3. ტექსტის ჭკვიანი მონიშვნა

აქამდე ყველა ჩვენგანს ტექსტის მონიშვნა ძალზედ გვირთულდებოდა, ეს პრობლებაც ახლა მოგვარდა. Google-მა ახალი ალგორითმების დახმარებით შესაძლებელი გახადა ტექსტის არამარტო სასურველი ადგილის მონიშვნა, არამედ მისი ამოცნობა და შესაბამისი აპლიკაციის შერჩევაც. ეს ინოვაციური ფუნქცია ნამდვილად გაამარტივებს მონიშვნის პოცესს. მაგალითისთვის, თუკი თქვენ რომელიმე საიტზე დაინახეთ მისამართი, ჩვეულებრივ დააკოპირებდით ხოლმე, შემდეგ დახურავდით საიტს, გახსნიდით რუკებს, ჩააკოპირებდით უკვე დაკოპირებულ მისამართს რუკებში და მხოლოდ მაშინ იპოვიდით სასურველ ინფორმაციას. დამეთანხმებით, საკმაოდ დამღლელი პროცესია. ახლა საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის მონიშვნა, მანქანური სწავლების ხარჯზე სისტემა ავტომატურად აღიქვამს, რომ მონიშნულია ზუსტადაც მისამართი და ის პირდაპირ გვთავაზობს მის მოძებნას Google Maps-ში. ცხადია ეს ფუნქცია მხოლოდ რუკებზე არ მუშაობს, არამედ იგივე ისტორია გვხვდება ტელეფონის ნომრებზე და ელექტრონულ ფოსტაზეც კი, რაც უდავოდ ძალიან კომფორტულია.

4. ავტომატური შემვსები (Autofill)

ხშირად დაგვიწყებიათ მომხმარებლის სახელი ან პაროლი საყვარელ სოციალურ ქსელში? პრობლემები შეგქმნიათ მათ გახსენება-აღდგენის პროცესში? დაგეთანხმებით, ძალიან მომაბეზრებელი პროცესია, ამიტომაც Google-მა იზრუნა თავის ერთგულ მომხმარებელზე და წარმოგვიდგინა ავტომატური შემვსები, რომელიც თავის თავში შემდეგს გულისხმობს: ის იმახსოვრებს ჩვენი მომხმარებლის სახელსა და პაროოლს თითოეული აპლიკაციისთვის და თითის მარტივი დაჭერით ის ავტომატურად ავსებს ველებს, რაც შესვლის პროცესს უდავოდ ამარტივებს.

5. მნიშვნელოვანი გაძლიერებები

ყველას გვინდა, რომ ჩვენი სმარტფონის ელემენტი დიდხანს მუშაობდეს, ჩვენი ოპერაციული სისტემა კი მაქსიმალურად სუფთა და დაცული იყოს, ასევე არ მოხდეს ჩვენი პირადი ინფორმაციის გაცემა სხვისთვის. სწორედ ამიტომაც, ახალი Google Play Protect-ი უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, ის დღეში 50 მილიარდზე მეტ აპლიკაციას ასკანირებს და რაიმეს დარღვევის შემთხვევაში სრულიად თიშავს მას, რაც ყოველივე ზემოთქმულისგან გვიცავს. იფიქრეთ ამაზე, როგორც Google Play-ში ჩაშენებული ანტი-ვირუსი, ამრიგად აღარ იქნება “მოდაში” ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა: Clean Master, AVG Anti-Virus და სხვა. (ხომ ვიცით ისედაც, რომ ეს ჩამოთვლილი “ანტი-ვირუსი” კი არა, ცარიელი რეკლამაა)

გარდა ამ ყველაფრისა Android-ის ახალი ვერსია ბევრ მცირე სიახლეს შეიცავს, როგორიცაა პარამეტრების მენიუს ფერის ცვლილება, ის ახლა თეთრია და შეცვლილია მათი ორგანიზება. ასევე შეიცვალა ე.წ Ambient Display. ახლა ის აღარ აჩვენებს შეტყობინებების შიგთავს და მათ პატარა პიქტოგრამებად წარადგენს. გარდა ამისა, Android O-ზე მომუშავე სმარტფონები ორჯერ სწრაფად ირთვება, და ორჯერ სწრაფად რთავს ყველა აპლიკაციას წინამორბედ ვერსიებთან შედარებით.

საბოლოო ჯამში Android O არის ის ოპერაციული სისტემის ვერსია, რომელიც ნამდვილად რევოლუციურია. ის ნამდვილად შეცვლის და ახალ სტანდარტებს დაუწესებს ოპერაციული სისტემების ბაზარს.

Android O-ს Beta ვერსია (მეორე დეველოპერული ანაწყობი) ხელმისაწვდომია შემდეგ მოწყობილობებზე. თუკი გსურთ მასში მონაწილეობის მიღება და ახალი სისტემის გატესტვა, შეგიძლიათ შეხვიდეთ მოცემულ ბმულზე და ჩაერთოთ Beta ტესტირებაში.

  • Pixel
  • Pixel XL
  • Pixel C
  • Nexus 6P
  • Nexus 5X

ასევე, შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს Android O-ს ვიდეო-განხილვას.

 

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი