ადამიანის ზარმაცი ბუნება ზოგჯერ მისი განვითარების საფუძველია ხოლმე, MYO კი ამის მკაფიო მაგალითი. კანადური კომპანიის THALMIC LABS –ის სტარტაპის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დისტანციურად ვმართოთ ნებისმიერი სმარტ მოწყობილობა, რომელსაც ბლუთუზ მხარდაჭერა აქვს, ვუპასუხოთ ტელეფონს, ვიმოქმედოთ მუსიკალურ ფლეიერზე, ჩავატაროთ პრეზენტაციები და ხელის მარტივი მოძრაობით გადავფურცლოთ სლაიდერი. მოკლედ, თუ ფანტაზიის უქონლობას არ ვუჩივით, MYO მას გასაქანს ნამდვილად აძლევს.
რეალურად, “გაჯეტი” გამოიყურება როგორც სმარტ სამკლავური. მისი ერთი შეხედვით ზე–შესაძლებლობები მარტივად აიხსენება. MYO –ს აქვს რვა კუნთის სენსორი, რომლის საშუალებითაც აღიქვამს კუნთების დაჭიმულობას და მათ ბრძანებად გარდაქმნის.
ადრე, 90–იან წლებში თუ ცოტა უფრო აქეთ, შუქის მოსვლას ბავშვები ტაშით, დიდები კი თავშეკავებული ღიმილით რომ ხვდებოდნენ, ალბათ ყველას გვქონდა ტელევიზორი, რომელიც დროდადრო შრიალს იწყებდა. მასთან მისვლა და უხეშად რომ ვთქვათ, ჩარტყმა უკეთესი გამოსახულების მისაღებად უმეტესად გვეზარებოდა. იქნებ უცნაურია, მაგრამ ჩარტყმა კი ნამდვილად ჭრიდა. შედეგად, მე ხან ხელი მტკიოდა, ხანაც ტელევიზორის მიმართ დანაშაულს ვგრძნობდი ჩემს მიერ ჩადენილი უმოწყალო ქმედების გამო. ახლა ყველაფერი მარტივია. თუკი ხარვეზები ჩვენს ერკანებზე ისევ იჩენს თავს და ძველ წესებს დაჩვეულებს ჩვეული ქმედებების განხორციელება მოგვინდება, მოქმედება მინიმუმ უმტკივნეულო მაინც გახდება. სინდისის ქენჯნის და სიზარმაცის დაძლევის მცდელობების გარეშე, ხელის მარტივი მოძრაობით სასურველ შედეგს მივიღებთ. J
აქვე, საინტერესო ვიდეო MYO –ს შესაძლებლობების შესახებ:
თათია ჭაფოძე