Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » განხილვა » Moto G4 Plus – ახალი სმარტფონი მოტოროლასგან
dsc06778-a

Moto G4 Plus – ახალი სმარტფონი მოტოროლასგან

რამდენიმე დღის წინ მოტოროლას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ სურპრიზი გაგვიკეთა და ახალი Moto G4 Plus-ი გამოგვიგზავნა გასატესტად. ეს მოდელი Lenovo-ს მიერ Motorola-ს შეძენის შემდეგ პირველი ერთობლივი პროდუქტია და ჩვენც გულმოდგინედ ველოდით მის გამოსვლას. შთაბეჭდილებებმაც არ დააყოვნა, იხილეთ სმარტფონის სიღრმისეული მიმოხილვა ქვემოთ:

dsc06755

მახასიათებლები

მოტოროლას ეს შესანიშნავი სმარტფონი წარმოდგენილია 5.5 ინჩიანი FHD რეზოლუციის IPS LCD ეკრანით, რომელიც დაცულია Corning Gorilla Glass 3-ით. სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის Qualcomm Snapdragon 617-ის ჩიფსეტი, 2/3/4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16/32/64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი კამერა ფაზოვანი და ლაზერული ავტოფოკუსით (ასევე ორმაგი განათებით და F2.0 დიაფრაგმით), 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა F2.2 დიაფრაგმით და 3000 მილიამპერ საათიანი ელემენტით. Moto G4 Plus-ის წინა პანელზე ასევე იხილავთ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს.

ზოგადი მახასიათებლები ასე გამოიყურება:

  • LTE Cat4
  • Quad-core 1.5 GHz Cortex-A53 & quad-core 1.2 GHz Cortex-A53 CPU
  • FM radio
  • microUSB v2.0, USB Host
  • Dual SIM
  • Wi-Fi 802.11 a/b/g/n, Wi-Fi Direct, hotspot
  • მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 256 გიგაბაიტით
  • Android OS, v6.0.1 (Marshmallow)
  • TurboPower სწრაფი დატენვის ფუნქცია

კორპუსი, ერგონომიკა და კომპლექტაცია

გაბარიტებით სმარტფონი უტოლდება 5.5 ინჩიანი ეკრანის მქონე კონკურენტებს, მისი ზომები შემდეგნაირად გამოიყურება: 153 x 76.6 x 9.8 მმ, ხოლო მოწყობილობის წონა მხოლოდ 155 გრამს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია ყოველდღიური მოხმარების დროს.

ტელეფონის კორპუსი პლასტმასისგან არის დამზადებული, თუმცა ამ მასალის გამოყენება სულაც არ იძლევა იაფ ფასიანი მოწყობილობის იერს. Moto G4 plus – ძალიან დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონია, რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციული სიმყარით და მისი საიმედოობით. ტელეფონი ხელში ძალიან კარგად ჯდება და მოხმარებაშიც ძალიან მოხერხებულია.

dsc06744 dsc06743 dsc06742 dsc06741

სმარტფონის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ჩართვის და ხმის ასაწევ/დასაწევი ღილაკები, ზედა და ქვედა მხარეს კი Mini USB და აუდიო ჯეკი, მარცხენა ნაწილი სრულიად სადაა.

რაც შეეხება სმარტფონის ფრონტალურ ნაწილს, შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ლამაზია. განსაკუთრებულად კარგად ჩანს დინამიკის ვერცხლისფერი კანტი და რაც მთავარია მცირე ზომის თითის ანაბეჭდის სკანერი, რომელსაც ასევე ტაქტილური ღილაკის ფუნქციაც აქვს.

dsc06763

აღსანიშნავია ისიც, რომ მოტოროლამ ამ მოდელში გამოიყენა მოსახსნელი უკანა პანელი, რომლის ქვეშაც განთავსებულია 2 სიმ ბარათის სლოტი და მიკრო SD ბარათი, რომელსაც 256 GB-იანი ჩიპის წაკითხვა შეუძლია. რაც შეეხება ელემენტს, აქ მისი გამოცვლა შეუძლებელია, რადგანაც იგი ჩაშენებული ტიპის არის და მისი ჩანაცვლება მხოლოდ ტელეფონის დაშლის შემდეგ არის შესაძლებელი. მწარმოებელმა აქ წინა მოდელების გამოცდილება გამოიყენა და შესაძლებელი გახადა სმარტფონის უკანა პანელის სხვადასხვა ფერით ჩანაცვლება.

dsc06771

როგორც სურათზე ჩანს უკანა პანელი დამზადებულია სპეციალური დიზიანის მქონე პლასტმასისგან, რომელიც იცავს სმარტფონს ხელიდან გაცურებისგან, თითის ანაბეჭდებისგან და რაც მთავარია ნაკაწრებისგან.

რაც შეეხება ერგონომიულობას, აქ Moto G 4 Plus-ი ცალსახად იზიარებს მსგავსი ეკრანის მქონე მოწყობილობების ბედს. ტელეფონის ცალი ხელით დაჭერის დროს ცერა თითით შეუძლებელია მიწვდე ეკრანის კუთხეს დიაგონალურად. ამიტომ, სმარტფონის გამოყენებისას ხშირად მიწევდა მისი ორი ხელით ჭერა სხვადასხვა ოპერაციების ჩატარების დროს. თუ მსგავსი პრობლემის თავიდან აცილება გსურთ – შეიძინეთ მცირე ზომის ტელეფონი 🙂

რაც შეეხება კომპლექტაციას, აქ ყველაფერი მარტივად არის გადაწყვეტილი. სმარტფონს მოჰყვება სატენი და USB-კაბელი. ყურსასმენები და სხვა აქსესუარების შეძენა ცალკე მოგიწევთ:

dsc06773

პროცესორი, ჩიპსეტი და გრაფიკა

სმარტფონი ბიუჯეტური მოდელია და რა თქმა უნდა პროცესორის და გრაფიკის ნაწილში ვერ დაიკვეხნის. მოტოროლამ მოწყობილობაში ტრადიციულად გამოიყენა Qualcomm MSM8952 Snapdragon 617 ჩიპსეტი და Adreno 405 გრაფიკული პროცესორი. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას იგი აქ სამი ვარიანტით არის წარმოდგენილი 2/3/4 გიგაბაიტი და მერყეობს მოდელის შიდა შესანახ მეხსიერებასთან ერთად, რომელიც იწყება 16 და ადის 64 გიგაბაიტამდე. მომხარებელს ვურჩევ რომ მინიმუმ 3 გიგაბაიტიანი რამის მოდელი შეიძინოს რათა თავიდან აიცილოს მომავალში პროგრამული განახლებების შედეგად გაზრდილი RAM-ის მოხმარებისგან მიყენებული დისკომფორტი.

ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ანდროიდის ოპერატიული სისტემა 5 გიგაბაიტამდე მეხსიერებას მოიხმარს და 16 გიგაბაიტიან მოდელებში მომხმარებლისთვის მხოლო 10 GB-ა გამოყოფილი.

screenshot_20160925-052710

ახლავე მინდა ვთქვა, რომ ეს მოწყობილობა გადატვირთული გრაფიკის მქონე თამაშების მოყვარულებისთვის არ არის პოზიციონირებული. პროცესორის და გრაფიკული ბარათის შესაძლებლობები სმარტფონის უნაკლოდ სწრაფად ფუნქციონირების საშუალებას იძლევა, რაც შეეხება გრაფიკულ თამაშებს აქ მკვეთრად იგრძნობა სისუსტე. უნდა აღინიშნოს რომ მწარმოებელს მარკეტინგული კამპანიაც ზუსტად ამ მიმართულებით აქვს წაყვანილი, ტელეფონი განკუთვნილია ვების, სოციალური ქსელების მოხმარების, მუსიკის მოსმენის და ფოტო გადაღებისთვის.

რაც შეეხება ბენჩმარკს, “ანტუტუს” ტესტი შემდეგნაირად გამოიყურება:

screenshot_20160925-053741 screenshot_20160925-053802

 

როგორც ხედავთ ციფრები შესაძლებლობებზე მეტყველებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ დატვირთვის დროს სმარტფონი თბება თუმცა ზომიერების ფარგლებში. გაცხელების ძირითადი არეალი კამერის მახლობლად არის სადაც ხელი იშვიათად ხვდება. დღევანდელ სმარტფონებთან შედარებით ეს ნამდვილად უპირატესობაა.

ეკრანი

მოწყობილობა აღჭურვილია 5.5 ინჩიანი FHD რეზოლუციის IPS LCD ეკრანით რომელსაც გააჩნია 1920 x 1080 (480 ppi) პიქსელი გაფართოება. ეკრანი მკვეთრია და კარგი ხილვადობა აქვს როგორც შენობაში, ასევე მზის გულზე. სურათის და ფონტების აღწარმოება მკვეთრია და დიდი ხნით ხმარების დროს თვალს არ ღლის.  აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ ეკრანზე თეთრ ფერს მცირედი მოყვითალო ტონი დაჰკრავს, თუმცა ასეთი კალიბრაცია ფერთა გამას უფრო თბილ ფერებში გადმოცემის ელფერს აძლევს.

აუცილებელია ვახსენოთ ეკრანის ზომის თანაფარდობა ტელეფონის კორპუსის გაბარიტებთან (screen-to-body ratio) რომელიც აქ 71.10 % რაც Moto G 2015-თან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებულია.

ეკრანი დაცულია “გორილა გლასს” 3-ით რაც ფრიად სამწუხაროა, რადგანაც ამავე წლის მოდელებში უკვე  “გორილა გლასი” მე-5 თაობის დაცვის ტექნოლოგიით გვხვდება. თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს…

ოპერაციული სისტემა

სმარტფონში გამოყენებულია ანდროიდის ოპერატიული სისტემა სტეროდიების გარეშე, რომელიც სამსუნგში გვხდება, ზუსტად ეს ფაქტი განაპირობებს სმარტფონის სწრაფ მუშაობას და ეფექტურობას. ჩვენი მოდელი მუშაობს Marshmallow 6.0.1 ბაზაზე, რომელიც ჩემის აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა და მას მოტოროლასგან მხოლოდ რამდენიმე აპლიკაცია აქვს დამატებული.

screenshot_20160608-232825 screenshot_20160608-232910

რაც მთავარია, Moto G4 Plus-ი, როგორც მისი წინამორბედები, ერთერთი პირველი მიიღებს ანდროიდის განახლებებს, რა თქმა უნდა Nexus da Pixel სმარტფონების შემდეგ 🙂

აუდიო

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ აუდიო ჩიპის შესაძლებლობებზე. ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა ნამდვილი სიამოვნებაა, ხმის ჟღერადობა მკვეთრია და მნიშვნელოვნად უსწრებს მოტოროლას წინა მოდელებს ხარისხით. მოწყობილობას შესანიშნავი ბასის და მაღალი სიხშირეების გადმოცემა შეუძლია. ტელეფონი ნამდვილად გაახარებს მუსიკის ფანატებს.

რაც შეეხება სპიკერს, იგი როგორც წინა მოტოროლას მოდელებში ფრონტალურ მხარეზეა განთავსებული, თუმცა მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე ის არის, რომ Moto G4 Plus-ში მხოლოდ ერთი დინამიკია გამოყენებული, რომელიც შესაძლებლობებით ვერ დაიკვეხნის. აქაც ფაქტია რომ ბიუჯეტმა თავისი როლი ითამაშა.

სატელეფონო საუბრის დროს ტელეფონს არ გამოუვლენია რაიმე ანომალია, ხმა კარგად ისმის როგორც დინამიკში ასევე კარგად მუშაობს მიკროფონი და ფონური ხმაურის ჩახშობის სისტემა.

თითის ანაბეჭდის სკანერი

როგორც უკვე ვისაუბრეთ, თითის ანაბეჭდის სკანერის ადგილმდებარეობა საკმაოდ კარგად არის გადაწყვეტილი, ტელეფონის განბლოკვა მაგიდაზე დადებულ მდგომარეობაშიც ადვილად არის შესაძლებელი.

dsc06760

სენსორი ძალიან პატარაა და ტელეფონის ქვედა მხარეს დიდ ადგილს არ იკავებს. ასევე ძალიან კარგად მუშაობს ანაბეჭდის ამოცნობის სისტემა, ამ მხრივ სმარტფონს ვერ დაიწუნებ 🙂

სენსორები

ცალკე თავში მინდა ვისაუბრო სმარტფონის სენსორებზე (Fingerprint, accelerometer, gyro, proximity). როგორც მოსალოდნელი იყო ყველა მათგანი უნაკლოდ მუშაობს, მეტიც მოტოროლას აქ პროგრამულად გადაწყვეტილი აქვს რამდენიმე “თვიქი”. მაგალითად: თუ სურვილი გაქვთ ხმა გათიშოთ მაშინ უბრალოდ გადმოაბრუნეთ მოწყობილობა ეკრანით ქვემოთ. ასევე სმარტფონის ორჯერ დაქნევით შესაძლებელია გააქტიუროთ ფანარი. სახალისო ფუნქციებია და რაც მთავარია გამოსაყენებელი.

ავტონომიურობა

ავტონომიურობა ნამდვილად გაგაკვირვებთ. წინა მოდელებთან შედარებით Moto G4 Plus-ს ნამდვილი უპირატესობა აქვს. 3000 მილიამპერ საათი მოცულობის მქონე ელემენტის საშუალებით იგი მუშაობს უმეტეს თანამედროვე სმარტფონებზე უფრო დიდ ხანს.  შერეული რეჟიმით გამოყენების შემთხვევაში დღის ბოლოს 30% აუცილებლად მოგყვებათ. მნიშვნელოვანია ისიც რომ ანდროდის 6.0.1 ვერსიაში გამოყენებულია ფონურ რეჟიმში მომუშავე აპლიკაციებს მართვის სისტემა, რომელიც აპლიკაციების მიერ ელემენტის მოხმარებას მართავს.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დამუხტვის სისწრაფეც, სმარტფონში გამოყენებულია სწრაფი დატენვის ფუნქცია TurboPower, რომელიც ელემენტსი სწრაფი დატენვის საშუალებას იძლევა.

კამერა – ფოტო და ვიდეო

ძირითადი ფოტოკამერის ხარისხი ძალიან კარგია, მობილურში გამოყენებულია 16 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმით. ფაზოვანი და ლაზერული ავტოფოკუსი ძალიან სწრაფად მოქმედებს და მყისიერად შეუძლია მოძრავ საგნებზე ფოკუსის დაჭერა. ღამის გადაღებისთვის გამოყენებულია ორმაგი LED განათება, რომელზეც პრეტენზია არ გაგვაჩნია.

dsc06769

როგორც უკვე ვახსენე სმარტფონის ერთ-ერთი პოზიციონირება ზუსტად რომ ფოტოს ხარისხია. სატესტო ფოტოები შემდეგნაირად გამოიყურება:

img_20160925_055617566_burst002  img_20160926_015959750

img_20160926_020210920_burst000_cover

img_20160926_020329831

აქვე არ მინდა გამომრჩეს HDR-ის შესაძლებლობები, რომელიც ამ სმარტფონში ნამდვილად შეიმჩნევა. ქვემოთ მოცემულ ორ სურათზე მარცხენა გადაღებულია HDR-ის გარეშე, ხოლო მარჯვენა HDR-ის გააქტიურებით.

img_20160926_015838830_hdr img_20160926_015847096

როგორც ხედავთ, ფონური განათებასთან გამკლავება ამ სმარტფონს ნამდვილად შეუძლია. მარცხენა სურათზე ჩრდილში არსებული არეალი და ცა უფრო მკვეთრია.

ტელეფონის სენსორი კარგ შედეგს იძლევა ღამის გადაღების დროსაც. მაღალ ISO ზე შეიმჩნევა მხოლოდ მცირედი ხმაური, რაც კარგი შედეგია. ასევე დადებითი ფაქტორია ისიც, რომ ფოტო აპლიაკცაიში წარმოდგენილია გადაღების მანუალური რეჟიმი:

screenshot_20160925-055819

რაც შეეხება ფრონტალურ კამერას, მისი რეზოლუცია 5 მეგაპიქსელია და f/2.2 აპერტერით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი ვიდეო ზარისთვის და სელფის გადაღებისთვის საკმარისზე მეტია.

ვიდეო შესაძლებლობებს რაც შეეხება კამერა იღებს 1080p ვიდეოს 30fps-ით. ვიდეო შესანიშნავად გამოიყურება თუ კი გადაღებისას სმარტფონს არ ვამოძრავებთ, კადრების სიხშირეც სტაბილურია და ფერებიც ნატურალური. მთლიანობაში კამერა ძალიან მოგვეწონა და ვფიქრობთ ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი დააკმაყოფილებს.

იხილეთ კამერის ვიდეო ნიმუში Slow Motion ვიდეო რეჟიმით:

ვერდიქტი

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია გითხრათ რომ Moto G4 Plus-მა დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ტელეფონის დიზაინი მიმზიდველია, კონსტრუქციის ხარისხი ძალიან მაღალი, შესაძლებლობები დაბალანსებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბიუჯეტური სმარტფონი პრემიუმ კლასის მოწყობილობის თვისებებით. აქცენტი გაკეთებულია მუსიკის და ფოტოგადაღების მოყვარულებზე.

მართალია ვისურვებდით, რომ ტელეფონში გამოყენებული ყოფილიყო ისეთი ტექნოლოგიები როგორიც არის NFC, AMOLED ეკრანი, ახალი ჩიპსეტი და ა.შ. თუმცა როგორც არა-ერთხელ ავღნიშნეთ, ყველაფერს თავისი ფასი აქვს 🙂

აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ მოტოროლას წარმომადგენლობას საქართველოში სმარტფონის მოწოდებისთვის.

ირაკლი ჯორჯელი

Previous Xiaomi Mi 5s და 5s Plus: Snapdragon 821 ზებგერითი თითის ანაბეჭდის სენსორი და ორმაგი კამერა
Next ინტერნეტ თაღლითები და მათი ხერხები
xiaomi-mi-5s-design-and-official-camera-samples
Xiaomi Mi 5s და 5s Plus: Snapdragon 821 ზებგერითი თითის ანაბეჭდის სენსორი და ორმაგი კამერა

ერთ თვიანი ჭორებისა და თიზერების შემდეგ Xiaomi წარუდგენს მომხმარებელს თავის "მონსტრ" სმარტფონებს Mi 5s -...

Close